სერგეი გავრილოვი

გავრილოვი: პროტესტის პირველი მიზანი მართლმადიდებლობაზე დარტყმაა

სერგეი გავრილოვი
kprf

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელიც პროტესტის ფონზე იძულებული გახდა, ჯერ საქართველოს პარლამენტის შენობა დაეტოვებინა, შემდეგ კი საქართველო, ამბობს, რომ თბილისში პროტესტის პირველი მიზანი მართლმადიდებლობაზე დარტყმა არის.

"რადიკალებმა დილით პარლამენტი დაიკავეს და ჩვენი სხდომა ჩაშალეს. ისინი ორ დავალებას ასრულებდნენ. ამოცანა პირველი: საქართველოში მართლმადიდებლობაზე და ქართველი და რუსი ხალხის მეგობრულ ურთიერთობაზე დარტყმა. მეორე მხრივ, ეს არის მეორე ნაბიჯისთვის მზადება: გადატრიალების მცდელობა შიდაპოლიტიკური მიზნების მისაღწევად. შევამჩნიე, რომ ყველა პოსტერი, რომელიც ე.წ. მომიტინგეებისთვის გადანაწილდა, წინასწარ მომზადებული და დაბეჭდილი იყო. ისინი რუსეთზე თავდასხმასა და მაქსიმალურ დისკრედიტაციას ისახავდნენ მიზნად. ჩვენ ვნახეთ ამერიკელი კურატორები, ინგლისურის ამერიკული ვერსიით მოსაუბრეები, რომლებიც მართავდნენ ე.წ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს".

სერგეი გავრილოვი რუსეთის დუმაში კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს და მას 2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებისთვის აქვს ხმა მიცემული. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გავრილოვი აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. ის საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელსაც ქართული მხრიდან ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი უწევდა ორგანიზებას.

ფორუმი 19 ივნისს დაიწყო და 22 ივნისის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო.

პირველივე დღეს სერგეი გავრილოვი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას უჭერდა მხარს, ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი, რამაც საქართველოში უკრაინის ელჩის პროტესტი გამოიწვია, რომელმაც სხდომა დატოვა.

ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც, ასევე სიტყვით გამოვიდა პატრიარქი ილია II-ც. ფორუმზე იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც.

პროტოკოლის მიხედვით, მეორე დღეს, 20 ივნისს სხდომა პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ფოტომ, როგორ ზის რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ევროპულმა საქართველომ, მოგვიანებით კი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გავრილოვი აიძულეს, პარლამენტი დაეტოვებინა.

პარალელურად მოქალაქეთა ქცია გაიმართა პარლამენტის შენობასთანაც და იმ სასტუმროსთანაც, სადაც რუსი დეპუტატები იყვნენ მოთავსებულები.

19:00 საათზე მასშტაბური აქცია დაიწყო პარლამენტთან, რომლის მთავარი მოთხოვნაც, პასუხისმგებელი პირების, ირაკლი კობახიძისა და ზაქარია ქუცნაშვილისთვის გადადგომა იყო. რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზით არაერთხელ სცადეს, თუმცა მოქალაქეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს. მოგვიანებით კი, პოლიციამ წყლის ჭავლები გამოაგორა და აქცია საბოლოოდ დაშალა.

კომენტარები