სერგეი გავრილოვი

სერგეი გავრილოვმა FACEBOOK-ჯგუფ "მილიონ ქართველში" დაპოსტა

ტვ. პირველი

კომუნისტმა, რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, რომლის საქართველოში ვიზიტსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა, Facebook-ჯგუფში, სახელად "მილიონი ქართველი" თავისი მოწოდება გააზიარა. 

მოწოდება გავრილოვმა 20 ივნისს, გავრილოვის ღამიდან ერთი წლისთავზე გააზიარა და მასში საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის და პირადად პრეზიდენტ პუტინისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს

Facebook-ჯგუფში ამ დროისთვის 543 791 მოხმარებელია და საქართველოში ერთერთი ყველაზე აქტიური ჯგუფია, სადაც სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდება, მეტწილად კი ახალი ამბები. გავრილოვის პოსტს მომხმარებლები გინებითა და მიმებით შეხვდნენ. 

ჯგუფის ადმინისტრატორის ცნობით, მოგვიანებით გავრილოვმა კიდევ ერთი ვიდეოს გაზიარება სცადა, სადაც ამჯერად ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესების მისეულ ხედვას გვთავაზობს, თუმცა ადმინისტრატორმა მას ამ ვიდეოს დადების ნება აღარ დართო. 

სერგეი გავრილოვი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ მან ხმა მისცა გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეღიარებინა. არაერთი წყაროს ცნობით, გავრილოვი აფხაზეთის ომში მონაწილეობდა და საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. 

გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში მოიწვიეს, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი. ამ ასამბლეაზე ქართულ მხარეს "ქართული ოცნების" დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი წარმოადგენდა. სწორედ მან მოიწვია საქართველოში გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები, რომლებიც ქალაქში სახელმწიფო დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდნენ. 

მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეა 19-დან 23 ივნისის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო. ღონისძიების ყველა დეტალი, მათ შორის, ის, თუ რომელ დღეს სად ჩატარდებოდა სხდომა, წინასწარ დამტკიცებული პროტოკოლით იყო გაწერილი, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნებართვა გასცა. 

19 ივნისს ჩატარებულ სხდომას "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კობახიძე და საპატრიარქოს წარმომადგენელი სხდომაზე სიტყვითაც გამოვიდნენ.

წინასწარ გაწერილი და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული რეგლამენტის მიხედვით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მეორე სხდომა 20 ივნისს პარლამენტში უნდა ჩატარებულიყო. 

20 ივნისის დილას ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა, შემთხვევით აღმოაჩინა, რომ რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა. ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსნის საკანონმდებლო ორგანოს იმ დარბაზში, სადაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და, მითუმეტეს, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჯდომამ, ოპოზიციური პარტიების ლიდერების აღშფოთება გამოიწვია. 

ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა, გიორგი კანდელაკმა, ელენე ხოშტარიამ, კაკო ბობოხიძემ, სალომე სამადაშვილმა და თინა ბოკუჩავამ სხდომის ჩაშლა მოახერხეს. გადაწყდა, რომ სხდომა დაგეგმილ ადგილას ვეღარ ჩატარდებოდა და დღის წესრიგში მისი სხვაგან გადატანის აუცილებლობა დადგა. 

ამის პარალელურად მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრება და გაპროტესტება დაიწყეს. 

სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია ძალადობრივად დაარბია. ვრცლად წაიკითხეთ აქ

კომენტარები