KHIDI: დავდგეთ ერთად ჩვენი თავისუფლებისთვის, ვუთხრათ არა ოკუპაციას და ტირანიას

facebook.com/KHIDICLUB

კლუბმა "KHIDI", გუშინ პარლამენტის წინ გამართული ანტისაოკუპაციო აქციის დაშლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

კლუბის გადაწყვეტილებით, დღეს დაგეგმილი ღონისძიება არ ჩატარდება.

"ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო KHIDI-ს დღევანდელი ღონისძიება არ ჩატარდება! ონლაინ ბილეთების მფლობელებს თანხა უკან დაგიბრუნდებათ.

შექმნილ ვითარებაში არ გვაქვს გართობის არანაირი მიზეზი!
KHIDI გმობს მსგავსი ფორმით ადამიანებზე ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს ყველა დაზარალებულ მოქალაქეს!

მოგიწოდებთ რომ დავდგეთ ერთად და ავაშენოთ ხიდები ჩვენი თავისუფლებისთვის, ვუთხრათ არა ოკუპაციას და ტირანიას!", - წერია განცხდებაში.

20 ივნისს პარლამენტთან შეკრებილი ადამიანები რუსი დეპუტატების ჩამოყვანის პასუხისმგებელი პირების, ზაქარია ქუცნაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, გადადგომას მოითხოვდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზით სცადეს. აქციის მონაწილეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს, საბოლოოდ კი, შსს-მ წყლის ჭავლები გამოაგორა და აქცია საბოლოოდ დაშალა. აქციიდან წასულ მოქალაქეებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ, მათ შორის თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. 

საავადმყოფოში გადაყვანილი ადამიანებიდან ორმა მხედველობა დაკარგა, რადგან რეზინის ტყვია მოხვდათ თვალში, დანარჩენს კი ოპერაცია უტარდებათ. 

დაშავდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ოპერატორები. 

კომენტარები