20 ივნისის აქცია

რესპუბლიკელები: ბიძინა ივანიშვილმა სამართლებრივად უნდა აგოს პასუხი 20 ივნისის მოვლენებზე

საქართველოს რესპუბლიკური პარტია 20 ივნისის აქციის დარბევას ეხმაურება და "სისხლიან სპეცოპერაციაზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს ქართული ოცნების მთავრობას და პირადად მის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს". რესპუბლიკელების შეფასებით, "ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოინელა, არ აპატია და მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევით შეეცადა სამოქალაქო საზოგადოების დასჯას, რომელმაც დაიცვა საკუთარი ეროვნული ღირსება და ხელი შეუშალა რუსეთის დუმის მიერ ორგანიზებულ ე.წ. მართლმადიდებლურ საპარლამენტო ანსამბლეას დამოუკიდებელი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში".

რესპუბლიკური პარტია აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

"მათ დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ თანამდებობები. სახეზეა საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ხელისუფლების ხელში სახელმწიფოს ეროზია, ავტორიტარული რეჟიმიდან დიქტატურის გაფორმების მცდელობა, საკუთარ მოქალაქეებთან კონფრონტაციაზე წასვლა საერთაშორისო თვითიზოლაციის პირობებშიც კი.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისიდან გამოსვლის მიზნით აუცილებლად მიიჩნევს უახლოეს პერიოდში პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და მრავალპარტიული არჩევნების საფუძველზე "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოცილებას. პირადად ბიძინა ივანიშვილმა სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს 20 ივნისის მოვლენებზე.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის აზრით, არჩევნების გზით ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა არის სამოქალაქო საზოგადოების დაკვეთა, რომელსაც უკლებლივ ყველა დემოკრატიული პოლიტიკური ძალა უნდა დაემორჩილოს" - ნათქვამია განცხადებაში.

20 ივნისს, 19:00 საათზე პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქცია გაიმართა. ათასობით ადამიანი რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამოვიდა. აქციას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე ხილვა. გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ქართული მხარის, კერძოდ ქართული ოცნების დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. მას სახელმწიფომ სპეციალური დაცვაც კი გამოუყო.

20 ივნისს ფორუმი პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, გავრილოვი კი პარლამენტის პრეზიდიუმში, თავმჯდომარის სკამზე დაჯდა, რამაც ოპოზიციური დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ჯერ ევროპულის საქართველოს წევრებმა, მოგვიანებით კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა გავრილოვი აიძულეს, პარლამენტის შენობა დაეტოვებინა. 

გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა სასტუმრო რადისონში გადაინაცვლეს, სადაც მოქალაქეთა აქცია გაიმართა. რუსმა დეპუტატებმა აეროპორტამდე გზა სირცხვილის კორიდორში გაიარეს. 

პარლამენტთან შეკრებილი ადამიანები პასუხისმგებელი პირების, ზაქარია ქუცნაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, გადადგომას მოითხოვდნენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს და ბოთლები ესროლეს. რამდენიმე საათის შემდეგ, მაშინ, როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზით სცადა. აქციის მონაწილეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს, საბოლოოდ კი, შსს-მ აქცია წყლის ჭავლებით დაშალა. აქციიდან წასულ მოქალაქეებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ, მათ შორის თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. 

საავადმყოფოში გადაყვანილი ადამიანებიდან ორმა მხედველობა დაკარგა, რადგან რეზინის ტყვია მოხვდათ თვალში, დანარჩენს კი ოპერაცია უტარდებათ. დაშავდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ოპერატორები. 

კომენტარები