რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებთან ყოველწლიური ინტერვიუ გამართა. ინტერვიუ რუსეთის სახელმწიფო მედიამ პირდაპირ ეთერში გადასცა.
პუტინმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის სანქციებზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე და დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებზე.
"ჩვენ დონბასის ოკუპაციაში გვადანაშაულებენ. ეს სრული უაზრობა და ტყუილია. ჩინეთს არაფერი ესაქმება უკრაინასთან. აშშ-ის ტარიფები იგივე სანქციებია. ისინი იზრდება და იზრდება." თქვა მან.
ჩინეთთან დაკავშირებით პუტინი ჰუავეის თემასაც შეეხო.
"ჰუავეიზე თავდასხმა საიდან მოვიდა? რა არის მისი აზრი? ერთადერთი მიზანი არის ჩინეთის განვითარების შეფერხება, რომელიც სხვა გლობალური ძალისათვის, აშშ-სათვის კონკურენტი გახდა. იგივე ხდება რუსეთთან მიმართებითაც და კვალვაც გაგრძელდება." თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ჩინეთს სავაჭრო ტარიფები დაუწესა, ხოლო ჰუავეის სანქციები, რადგან მიაჩნიათ, რომ ჩინეთის მთავრობა ტელეკომუნიკაციების კომპანიას ჯაშუშობისთვის იყენებს.
რაც შეეხება რუსეთში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, პუტინმა თქვა, რომ რუსეთში ცხოვრების დონე თანდათან გაუმჯობესდება:
"მართალია, რომ შემოსავალი რამდენიმე წელია მცირდება. ყველაზე დიდი ვარდნა 2016 წელს იყო, მაგრამ ახლა შემოსავალი ნელ-ნელა იზრდება. შედეგი მიმდინარე წელს, ან მომავალ წელს გახდება საგრძნობი."
ქერჩის სრუტეში გასულ ნოემბერს დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებთან დაკავშირებით კი მან თქვა, რომ მათი ბედი უკრაინაში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებთანაა დაკავშირებული და რუსეთს მათი გათავისუფლება სურს.
"ასეთი საკითხები იზოლირებულად არ უნდა გადაწყდეს. ამ საკითხების გადაჭრამდე ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ხალხის ბედზე, რაც გვაშფოთებს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც მსგავს სიტუაციაში არიან უკრაინაში." თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში პუტინის რეიტინგი საგრძნობლად შემცირდა.
მას შემდეგ, რაც ბოლო კვლევების მიხედვით, რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი ნდობის მაჩვენებელმა ისტორიული მინიმუმი აჩვენა, კვლევითმა ორგანიზაცია ВЦИОМ-მა, რომლის 100%-ვე სახელმწიფო ფლობს, კვლევის მეთოდოლოგიაში დამატებითი კითხვა დაამატა, რამაც სურათი შეცვალა.
რუსული სააგენტო Meduza-ს ცნობით, ორგანიზაციამ პოლიტიკოსებისადმი ნდობის მაჩვენებლის გასაზომად მეთოდოლოგიაში "დახურული კითხვა" დაამატეს, რომლის დროსაც რესპონდენტს კონკრეტულ სახელსა და გვარს ეუბნებიან და ეკითხებიან, ენდობა, თუ არა მას. მაგალითად, მათ ეკითხებიან: "ენდობით ვლადიმერ პუტინს? კი ან არა". ამგვარი კითხვის შედეგად პუტინისადმი ნდობის მაჩვენებელმა 72.3%-ს მიაღწია.
ВЦИОМ-ის მიერ 28 მაისს გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, პუტინისადმინდობის მაჩვენებელმა იმ ქვეყანაში, რომელსაც 19 წელია, მართავს, ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. კვლევის მიხედვით, პუტინს მოსახლეობის მხოლოდ 31.7% ენდობა. ეს 2006 წლის შემდეგ (როდესაც ორგანიზაციამ კვლევების ჩატარება დაიწყო) ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.





