თბილისი პრაიდი

ბობოხიძე: თუ ხელისუფლება ვერ იცავს კონსტიტუციას, უნდა წავიდეს და მოვა ის, ვინც დაიცავს

ევროპული საქართველოს დეპუტატის, კაკო ბობოხიძის, თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას წესრიგი და კონსტიტუცია და ხელისუფლება, რომელიც ამას არ ან ვერ ახერხებს, უნდა წავიდეს. 

ამის შესახებ ბობოხიძემ 18 ივნისს რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა "არჩევანში" ღირსების მარშთან დაკავშირებით ისაუბრა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხს გამოეხმაურა, რომელმაც თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ დაიცავს. 

"თუ არ დაიცავს ხელისუფლება ხვალ კანონს და კონსტიტუციას, ეს იქნება დანაშაული და ამაზე მოუწევს, როგორც დამნაშავეს პასუხისგება, მაგრამ თუ ვერ დაიცავს, ეს კიდევ უფრო დიდი უბედურებაა. ე.ი. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ ძალუძს, არ შეუძლია თავისი მოქალაქეების ელემენტერალური უსაფრთხოების დაცვა. ასეთ შემთხვევაში, ასეთი ხელისუფლება, კონკრეტულად შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა წავიდეს და მოვიდეს ის, ვინც შეძლებს. და თუ ვინმე ფიქრობს, რომ არ არსებობს საქართველოში ჯგუფი, რომელიც შეძლებდა ხვალ წესრიგისა და კონსტიტუციის დაცვას, არავის უფლებებზე არ ვლაპარაკობ, წესრიგის და კონსტიტუციის დაცვას, ასეთი პოლიტიკური ძალები არსებობენ. ოღონდ, ეს ხელისუფლება შემდეგ შესაბამის პასუხს მიიღებს ამომრჩევლებისგან და ის სხვა დროს იქნება, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია. სახელმწიფო არის ერთადერთი ექსკლუზიური ძალის მფლობელი ორგანიზაცია. მას აქვს ექსკლუზიურად ძალის გამოყენების უფლება, და არა მარტო უფლება, ვალდებულებაც. სახელმწიფოსთვის არ არის მხოლოდ უფლება, დაიცვას წესრიგი, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა. და თუ ის არ იცავს, ეს გაცილებით ნაკლები პრობლემაა, ვიდრე როცა ვერ იცავს. 

ჰოდა, თუ თვითონ ამბობს, რომ ვერ იცავენ, ეს გაცილებით უარესია. თუ ვერ იცავენ, წავიდნენ და ვინც დაიცავს, მოვლენ ისინი,"- ამბობს კაკო ბობოხიძე. 

---

თბილისი პრაიდის ორგანიზატორთა ცნობით, მიუხედავად სირთულეებისა და მათ მიმართ გაჟღერებული სასიკვდილო მუქარებისა, ღირსების მარში მაინც ჩატარდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში 18 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ, უცნობი იყო, რას გადაწყვეტდნენ კვირეულის ორგანიზატორები. გიორგი თაბაგარი ამბობდა, რომ დაინახა სახელმწიფოს უსუსურობა და ამოსავალი წერტილი ადამიანების სიცოცხლეა. ამავე შეხვედრიდან გამოსულმა სახალხო დამცველმა კი აღნიშნა, რომ შსს-ში პრაიდის ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმება შესთავაზეს.

თბილისი პრაიდი რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტქ+ თემის ნაწილმა და აქტივისტებმა 14 ივნისს მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე. 

პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, კი 16 ივნისს "მხოლოდ ნამდვილი კაცები" ვერის ბაღში დაპატიჟა, რათა სიძულვილის ჯგუფებს ერთად ემსჯელათ, თუ როგორ აპირებენ 18-23 ივნისს დაგეგმილი თბილისი პრაიდის ჩაშლას. 

ამ შეხვედრაზე ვასაძე როგორც აქტივისტებს, ისე პოლიციელებსაც დაემუქრა და თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმების შექმნა დაიწყო, რომლებიც მისივე თქმით, "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი უნდა ყოფილიყო, რითიც "მათ ხელებს შეუკრავენ და მიაბრძანაბენ იმ ადგილიდან". ვასაძე ასევე პოლიციასაც დაემუქრა. თქვა, რომ თუკი სამართალდამცავები მათ რომელიმე წევრს დააკავებენ, სიძულვილის ჯგუფები ხელში კომბლებით შეიარაღებულები ნებისმიერ კორდონს გაარღვევენ. 

მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო. გამოძიების დაწყების დღესვე, ვასაძემ თქვა, რომ ქუჩებში დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს, რადგან მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პირობა მიიღეს. თუმცა, მეორე დღეს, 18 ივნისს ვასაძემ სიძულვილითა და ჰომოფობიით სავსე კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ მისი დაჯგუფებები მზადყოფნაში არიან და თუკი პრაიდი "რამეს დააპირებს", გააკეთებს იმას, რაც ვერის ბაღში დაიგეგმა. 

თბილისი პრაიდი 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის, ღირსების მარშს.

კომენტარები