სამთავრობო ცვლილებები

სერგეენკო: არ დაგიმალავთ, ჩემი ინიციატივა იყო, მე ვთხოვე პრემიერს, ცვლილებები განგვეხილა

ტაბულა

ჯანდაცვის ახლა უკვე ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ ცვლილებების ინიციატივით მან პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს თავად მიმართა. 

ამის შესახებ სერგეენკომ, რომელიც დღეიდან ჯანდაცვის მინისტრის ნაცვლად, პრემიერმინისტრის მრჩეველი იქნება, მთავრობის სახლში მედიის წინ ახალი მინისტრის წარდგენაზე ისაუბრა. 

"როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე კვირის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები იმის თაობაზე, თუ წინასწარ მომზადებული რეფორმების ახალი ფაზა როგორ იქნებოდა ოპტიმალური იმისათვის, რომ სწორად დაგეგმილიყო, სწორედ დანერგილიყო და განხორციელებულიყო. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო, მე ვთხოვე პრემიერს, რომ განგვეხილა ასეთი ცვლილებები იმისათვის, რომ უკეთესი შედეგი მიგვეღო,"- ამბობს სერგეენკო. 

ყოფილი მინისტრის თქმით, მან თავად გაუწია რეკომენდაცია ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ეკა ტიკარაძეს, რომელიც სერგეენკოს მსგავსად, ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნამდე საჩხერის მულტიფუნქციური საავადმყოფოს დირექტორი იყო. 

"მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგანაც ჩვენ ათ წელზე მეტია თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფეროში და, ძირითადად, ეს არის ჯანდაცვის მენეჯმენტი. ასე რომ, მე ნამდვილად მჯერა და ეს არ არის, უბრალოდ, ერთჯერადი შეხედულება, მე ანალიზზე დაფუძნებულად ნამდვილად მჯერა, რომ ასე უკეთესად განვითარდება რეფორმები. ერთის მხრივ, მეც მეტი საშუალება მექნება, რომ სტრატეგიულ განვითარებაზე და დაგეგმაზე ვიყო ორიენტირებული და მხარში ამოვუდგე პრემიერმინისტრს და ჯანდაცვის ახალ მინისტრს და მეორეს მხრივ, ქალბატონ ეკას ექნება შესაძლებლობა, რომ თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს უკვე ამ მართლაც ძალიან რთული სისტემის მართვას," - თქვა დავით სერგეენკომ. 

დავით სერგეენკოს გადადგომაზე ბოლო ერთი კვირაა მედია აქტიურად წერდა. დღეს, 18 ივნისს, პრემიერმინისტრის ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე სერგეენკომ მედიას ეს ინფორმაცია დაუდასტურა და უთხრა, რომ სამთავრობო ცვლილებებს გუნდში კონსულტაციები უსწრებდა წინ და რომ ის ქართული ოცნების გუნდის წევრად კვლავაც რჩება. 

დავით სერგეენკო შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა მინისტრად 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა და ამ დრომდე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად, ქართული ოცნების სამთავრობო გუნდის ყველაზე სტაჟიან წევრად ითვლებოდა. 

ერთადერთი მინისტრი, რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე იკავებს თანამდებობას, თეა წულუკიანი. 

კომენტარები