სამთავრობო ცვლილებები

დავით სერგეენკო ბახტაძის მრჩეველი იქნება, ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ეკა ტიკარაძე დაიკავებს

ტაბულა

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის პოსტს აღარ დაიკავებს და მას ეკა ტიკარაძე ჩაანაცვლებს. სერგეენკო კი პრემიერმინისტრის მრჩევლის პოსტზე გადაინაცვლებს. 

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"მინდა, გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფერო და ის რეფორმები, რაც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გაატარა 2012 წლიდან, არის ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყო და ყველაზე მნიშვნელოვანი. უმთავრესი ცვლილება, რაც მოიტანა ჩვენმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ, გახლდათ ის, რომ მთავრობის ნებისმიერი ინიციატივა და რეფორმა მორგებულია ადამიანზე, ჩვენს მოქალაქეზე. ბუნებრივია ეს წარმატება უკავშირდება ქართულ ოცნებას და დათო სერგეენკოს. ადამიანს, რომელმაც შეძლო ძალიან რთული და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, მე მინდა, გამოვყო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, რომელმაც საქართველოში სრულიად განსხვავებული სტანდარტი დაამკვიდრა,"- თქვა მამუკა ბახტაძემ.

ეკა ტიკარაძე ამ დრომდე საჩხერის მულტიფუნქციური საავადმყოფოს დირექტორის პოსტს იკავებდა. მინისტრად დანიშვნამდე სწორედ ამ პოსტს იკავებდა სერგეენკოც. 

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მედია აქტიურად წერდა იმაზე, რომ დავით სერგეენკოს, შესაძლოა, თანამდებობა დაეტოვებინა. დღეს, 18 ივნისს სერგეენკომ ეს ინფორმაცია მედიას დაუდასტურა. მისივე თქმით, გადაწყვეტილებას კონსულტაცოიები უძღოდა წინ და ის ქართული ოცნების გუნდში რჩება

კომენტარები