თბილისი პრაიდი

"თუ რამეს მოინდომებენ, ვერის ბაღში შემუშავებული გეგმით ვიმოქმედებთ" - ვასაძის მორიგი მუქარა

პრორუსი ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელსაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა სურს, კვლავ იმუქრება. 

ჰომოფობიითა და სიძულვილით სავსე მორიგ ვიდეო მიმართვაში, რომელიც მან 18 ივნისს გაავრცელა, ვასაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი თბილისი პრაიდის ორგანიზატორები ღონისძიების ჩატარებას მაინც გადაწყვეტენ, იმ გეგმის მიხედვით იმოქმედებენ, რომელიც 16 ივნისს ვერის ბაღში "ნამდვილი კაცების შეკრებაზე" შეიმუშავეს. 

ვასაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განაცხადა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს ღონისძიებების ჩატარებას უკრძალავს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადმოდგა ნაბიჯი ხალხისკენ და გამოაცხადა, რომ უკრძალავს პრაიდის მონაწილეებს ამ აქციების ჩატარებას. დღეს დილას პრაიდის ორგანიზატორმა გამოაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, ისინი ყველა ღონისძიებას ჩაგვიტარებენ და, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება,"- ამბობს რუსეთის მთავარი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის, მეგობარი ვასაძე. 

ის ამბობს, რომ თუკი თბილისი პრაიდის ორგანიზატორები მაინც გადაწყვეტენ ღონისძიების ჩატარებას, მის მიერ შემუშავებული "სახალხო რაზმი", რომელიც საქმის აღძვრის შემდეგ გაუქმებულად გამოაცხადა, კვლავ შეიკრიბება. 

"თუ ეს უბედურები რაღაცას მოინდომებენ, მაშინ ვიმოქმედებთ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ ვერის ბაღში.

მხოლოდ, ვკიდებთ ხელს და გაგვყავს ისინი ადგილიდან. თუ პოლიცია დაგვიყენებს კორდონს, ჩვენ მას დავარღვევთ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დაგვიწყებენ ცემა-ტყეპას და ხელს შეგვიშლიან წესრიგის დამყარებაში, მაშინ ჩვენ დავიცავთ ჩვენს თავს,"- ამბობს ლევან ვასაძე. 

პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, კი 16 ივნისს "მხოლოდ ნამდვილი კაცები" ვერის ბაღში დაპატიჟა, რათა სიძულვილის ჯგუფებს ერთად ემსჯელათ, თუ როგორ აპირებენ 18-23 ივნისს დაგეგმილი თბილისი პრაიდის ჩაშლას. 

ამ შეხვედრაზე ვასაძე როგორც აქტივისტებს, ისე პოლიციელებსაც დაემუქრა და თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმების შექმნა დაიწყო, რომლებიც მისივე თქმით, "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი უნდა ყოფილიყო, რითიც "მათ ხელებს შეუკრავენ და მიაბრძანაბენ იმ ადგილიდან". ვასაძე ასევე პოლიციასაც დაემუქრა. თქვა, რომ თუკი სამართალდამცავები მათ რომელიმე წევრს დააკავებენ, სიძულვილის ჯგუფები ხელში კომბლებით შეიარაღებულები ნებისმიერ კორდონს გაარღვევენ. 

მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო. გამოძიების დაწყების დღესვე, ვასაძემ თქვა, რომ ქუჩებში დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს, რადგან მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პირობა მიიღეს. 

კომენტარები