ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში მილიონზე მეტი მომიტინგე სასწრაფო დახმარების მანქანას უთმობს გზას [VIDEO]

GETTY IMAGES

16 ივნისს ჰონგ-კონგში "დაახლოებით ორმა მილიონმა" ადამიანმა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის სრული გაწვევა და ქალაქის ლიდერის ქერი ლამის გადადგომა მოითხოვა.

აქციის მიმდინარეობისას ერთერთ მონაწილეს გული წაუვიდა, რა დროსაც უამრავმა მომიტინგემ, თავიანთი ინიციატივით, გულწასული მონაწილის დასახმარებლად მოსული სასწრაფო დახმარების მანქანა მშვიდობიანად გამოატარა.

Twitter-ის ერთერთი მომხმარებელი სან ჭაო წერს, რომ მან ეს ვიდეო ინტერნეტში ნახა და "უამრავმა ადამიანმა სასწრაფო დახმარების მანქანა ისე გამოატარა, როგორც მოსემ გადაკვეთა წითელი ზღვა. ჰონგ-კონგელი ხალხი არ არის დამნაშავე".

შეგახსენებთ, რომ საკამათო კანონით ჰონგ-კონგიდან დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება.

12 ივნისს ჰონგ-კონგში პოლიციამ მომიტინგეების რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით, წიწაკის აეროზოლითა და ხელკეტებით დარბევა დაიწყო.

მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება. 

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.

საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც ამ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

აქციები გასულ კვირას დაიწყო. ჰონგ-კონგის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი საპროტესტო აქციებია.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს გადის. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები