თბილისი პრაიდი

ბურჯანაძე: აქციაზე ძალადობრივი მოწოდებები ხშირად პოლიციის მხრიდან უპასუხო იყო

ტვ იმედი

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, რომელიც 14 ივნისს მთავრობის სახლის წინ გამართულ აქციაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა და არაერთხელ გახდა სიძულვილის ჯგუფების მიერ შეურაცხყოფებისა და მუქარების სამიზნე, ამბობს, რომ პოლიციამ თავისი ფუნქცია ადგილზე მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. 

ამის შესახებ ბურჯანაძე რუსთავი 2-ის ჟურნალისტს ესაუბრა, სადაც ვრცლად აღწერს იმ სიტუაციას, რაც მან ადგილზე ნახა. 

"გუშინ გაიმართა აქცია. აქციის პარალელურად დაიგეგმა და ჩატარდა კონტრაქცია. სამწუხაროდ, ამ კონტრაქციაზე ყველაზე ცუდი რაც იყო, იყო ძალადობრივი ქმედებები და ძალადობრივი ხასიათის განცხადებები. იყო შეურაცხმყოფელი ხასიათის კომენტარები, რომელსაც აქციაზე მყოფი ადამიანები ისმენდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში. იყო შეძახილები მათ მიმართ მუქარაზე, ძალადობაზე, იმაზე, რომ მათი დღეები დათვლილი იყო და შემდეგ უამრავი ძალადობრივი მოწოდება ისმოდა. ეს გრძელდებოდა რამდენიმე საათის განმავლობაში. ისროდნენ გარკვეულ საგნებს. ბუნებრივია, იქ იდგა პოლიცია და ახდენდა დისტანცირებას ამ ორ აქციას შორის, მაგრამ აუცილებელია ასევე იმ პირთა პასუხისმგებლობის დადგენა, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება, ძალადობრივ ქმედებას სჩადიოდნენ და რომლებმაც ჩაიდინეს სამართალდარღვევები ან ძალადობის ნიშნების შემცველი ქმედებები,"- ამბობს ბურჯანაძე. 

ბურჯანაძის თქმით, პოლიციას ადგილზე რამდენიმე მოვალეობა ჰქონდა. ერთი გამყოფი ფუნქციის შესრულება იყო ძალადობრივ ჯგუფებსა და მშვიდობიან მომიტინგეებს შორის, რსააც ომბუდსმენის მოადგილის თქმით, პოლიციამ კარგად გაართვა თავი. ხოლო, მეორე ფუნქცია იყო, რომ სამართალდამცავებს ადგილზე ის ადამიანები დაეპატიმრებინა, რომლებიც იმუქრებოდნენ. ბურჯანაძის შეფასებით, მეორე ფუნქციას პოლიციამ ხშირ შემთხვევაში თავი ვერ გაართვა:

"პოლიციას რამდენიმე მოვალეობა ჰქონდა გუშინ. ერთი იყო, რომ შეესრულებინა გარკვეული გამყოფი ფუნქცია ორ აქციას შორის, რაც მათ პირნათლად შეასრულეს და პოლიციელები მართლა ნამდვილად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. მეორე ფუნქცია, რაც მათ ეკისრებოდათ იყო სამართალდამრღვევ პირთა პასუხისგებაში მიცემა. ეს ამ შემთხვევაში ნამდვილად არ განხორციელებულა ადგილზე. იყო უამრავი ძალადობრივი მოწოდება. იყო შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, უპასუხო იყო ძალიან ხშირ შემთხვევაში. ვიცით, რომ რამდენიმე პირი დააკავეს, მაგრამ მე რასაც ვუყურებდი, პოლიციელების გვერდით იდგა ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ძალადობრივი და შეურაცხმყოფელი მოწოდებები ჰქონდა. ისინი არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და ამ კუთხით არავის ადგილზე დაკავება არ მომხდარა".

14 ივნისს გიორგი ბურჯანაძე ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან არაერთხელ გახდა მუქარებისა და შეურაცხყოფების სამიზნე. 

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე. 

კომენტარები