გამოხატვის თავისუფლება

NGO-ები: სიძულვილის ენის კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ მაუწყებლობის თვითრეგულირებას მიკუთვნებული საკითხების რეგულირებაში გადატანა დაუშვებელია. 11 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ სიძულვილის ენის რეგულირების შესახებ კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული და დიდ საფრთხეებს შეიცავს.

NGO-ები განმარტავენ, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით მედიის თვითრეგულირების სფეროში არსებული საკითხები გადადის სახელმწიფო რეგულირების კომპეტენციაში და შესაძლებელი ხდება მედიის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრება.

"ეს ქმნის გამოხატვის თავისუფლების თვითნებური, დაუსაბუთებელი შეზღუდვის რისკებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ ვიწროდ მიზანმიმართული კანონით. ცვლილებების გაზიარების შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიის შინაარსში ჩარევის საშუალება ეძლევა, რაც ფაქტობრივად სახელმწიფოსთვის მედიაზე ზემოქმედების ბერკეტის გადაცემას ნიშნავს. შემოთავაზებული ცვლილებებით სწორედ ის მუხლი ბრუნდება რეგულირებაში, რომლის საფუძველზეც 2007 წლის 07 ნოემბრის მოვლენებისას ტელეკომპანია იმედს მაუწყებლობა შეუჩერდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე განმარტავენ, რომ არსებული კანონმდებლობით სიძულვილის ენის დარეგულირება მხოლოდ თვითრეგულირების ფარგლებში არ ხდება და თუკი ნამდვილად იარსებებს რეალური საფრთხე შუღლის გაღვივების, ომის პროპაგანდის თუ ხელისუფლების დამხობის, სამართლებრივი მექანიზმები დღესაც არსებობს - სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 239-ე მუხლები.

ისინი საუბრობენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვით კონსტიტუციის დარღვევად არ ჩაითვალა ის, რომ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებები სასამართლოში არ საჩივრდებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაინახა საფრთხეები გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, თუკი მაუწყებლის მიერ კანონით განსაზღვრული ქცევის წესების დაცვაში სასამართლო ან ხელისუფლების სხვა ორგანო ჩაერეოდა. მათ მოჰყავთ ციტატა გადაწყვეტილებიდან:

"გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებაა, მაგრამ ამ უფლებების სრულყოფილი განხორციელებისთვის მხოლოდ საკანონმდებლო გარანტიები არ კმარა, საჭიროა, რომ თავად საზოგადოება იყოს შემწყნარებელი ინდივიდის უფლებისადმი, თავისუფლად და უშიშრად გამოხატოს საკუთარი აზრი. დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანებს აქვთ თმენის ვალდებულება იმ მოსაზრებების მიმართ, რომელთაც ისინი არ იზიარებენ ან, თუნდაც თვლიან ზნეობრივად გაუმართლებლად. დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით.

მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის, ფასეულობების, იდეების მიუღებლობა არ შეიძლება გახდეს მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ობიექტურად იდენტიფიცირებადი ინტერესები, მაგრამ არა სუბიექტური გრძნობები".

NGO-ების თქმით, მისასალმებელია, რომ კომისია ცდილობს შემცირდეს სიძულვილის ენის, შუღლის გაღვივების თუ არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროდუქციის სამაუწყებლო ეთერში გაშვება, თუმცა კანონპროექტით პრობლემის მოგვარების არასწორი გზა არის შერჩეული. მათი განმარტებით, ევროკავშირის დირექტივა წევრ სახელმწიფოებს აძლევს შესაძლებლობას თავად გადაწყვიტოს საკითხი გადაწყვეტილი უნდა იყოს რეგულირების თუ თვითრეგულირების ფარგლებში.

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ რეგულირების ნაცვლად აუცილებელი გაძლიერდეს თავად მაუწყებლებში არსებული თვითრეგულირების მექანიზმი. ამ მექანიზმის გაძლიერება, მისი ეფექტიანობის მონიტორინგის გაუმჯობესებაზე ზრუნვა არის მარეგულირებლის პასუხისმგებლობა და სწორედ ეს იქნება დირექტივით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება", - აღნიშნულია განცხადებაში.

მედია კოალიციას წარმოდგენილი ფორმით საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან არის დაკავშირებული, დაუშვებლად მიაჩნია.

"მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს სხვა ბერკეტები სიძულვილის ენასთან საბრძოლველად და მისი ჯეროვანი გამოყენება არ ხდება. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია არ ითხოვს ტელევიზიისა და რადიოს მიერ მაუწყებლობის ქცევის წესების დაცვაზე სასამართლო კონტროლის არსებობას.

მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას", - ამბობენ ორგანიზაციები.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ მოახდინოს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და მაქსიმალურად უზრუნველყოს პროცესებში ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობა.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • მედიაკლუბი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • სატელევიზიო ქსელი
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

ცნობისთვის, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გამოხატვის თავისუფლების რეგულირებას გეგმავს. უწყებაში ამბობენ, რომ ამის მიზანი "სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან" დაცვაა.

თუმცა, დღეს არსებული კანონმდებლობითაც, თუ მედია ავრცელებს ისეთ ინფორმაციას, რომლითაც ირღვევა სხვა ადამიანის უფლებები, ამ ადამიანს შეუძლია მიმართოს მარეგულირებელ კომისიას ან სასამართლოს.

მაგრამ არსებობს საკითხები, რაც ეხება ჟურნალისტურ ეთიკას და ამაზე არა სასამართლომ ან კომისიამ, არამედ თვითრეგულირების მექანიზმმა, ანუ თავად მედიამ იმუშაოს. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას კი სურს, რომ შესაძლებელი იყოს ამ გადაწყვეტილების სასამართლოში ან თავად კომისიაში გასაჩივრება. მაშინ, როცა კანონმდებლობა არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას ისედაც იძლევა. 

კანონპროექტის შესახებ ვრცლად იხილეთ აქ.

კომენტარები