თბილისი პრაიდი

ბრეგაძე: ლგბტ პრაიდს გადავუდგებით წინ ლოცვით და არ მივცემთ უფლებას, რომ გადაადგილდნენ

"გადავუდგებით წინ მშვიდობიანად, ლოცვით და არ მივცემთ უფლებას, რომ ისინი გადაადგილდნენ," - ნეონაცისტური, ფაშისტური დაჯგუფება ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ივნისში დაგეგმილ ლგბტქი პრაიდს ეხმაურება. ბრეგაძე ამბობს, რომ ლგბტ მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ. 

"ცალსახად გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ლგბტ მარში, აღლუმი არ ჩატარდება და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ ლგბტ მარშის ჩატარებას. რამდენიმე დღე არის დარჩენილი ამ ავადსახსენებელი ლგბტ კვირეულის დაწყებამდე და ერთი რამე იცოდეს ყველამ, არცერთ შემთხვევაში არ არსებობს არანაირი შანსი იმისა, რომ მამათმავლების და ლესბოსელების აღლუმი გაიმართოს საქართველოს დედაქალაქში. ამაზე ფიქრიც კი თავიდან უნდა ამოიგდონ იმ გარყვნილმა და მოღალატეობრივმა ძალებმა, რომლებიც ცდილობენ უმცირესობების ხარჯზე თანხების მოძიებას და ამითი თავისი კეთილდღეობის მოწყობას. ეს არის ჩვეულებრივი თაღლითების ჯგუფი. ჩვენ მშვიდობიანად არ დავუშვებთ ამას, ყველანი გადავალთ სხვა მუშაობის რეჟიმზე განსაკუთრებით 23-ში. მოხდება სრული მობილიზება, გადავუდგებით წინ მშვიდობიანად, ლოცვით და არ მივცემთ უფლებას, რომ ისინი გადაადგილდნენ, ოღონდ ეს იქნება მშვიდობიანად, არანაირი ძალადობა აქ არ იქნება,“ - ამბობს ბრეგაძე. 

ბრეგაძე ამბობს, რომ მარშის ჩატარებას რისკებს შეიცავს, რადგან მის წინააღმდეგ 100 ათასი ადამიანი გამოვა, რაც შემდეგ შეიძლება საერთო სახალხო მღელვარებაში გადაიზარდოს. 

"ქართველი ერის და საქართვლოს მოსახლეობის განწყობა არის ცალსახა, რომ გარყვნილების აღლუმი ე.წ. ლგბტ გეიმარში არ უნდა ჩატარდეს და არ ჩატარდება. სერიოზული რისკების წინაშე დგება ჩვენი ქვეყანა. შსს-მ რაც აუხსნა მათ, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ლოგიკური და რეალური. საშიშროება ბევრად უფრო მძიმეა და სურათი ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე ეს დღეს წარმოჩენილია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 100 ათასი ადამიანი გამოვა ქუჩაში, ლგბტ „გეი მარშის“ გამართვის დღეს. ამ დროს ასი ათასი ადამიანის გაკონტროლება ვერ მოხდება და ეს ყველაფერი გადაიზრდება საერთო სახალხო მღელვარებაში და ეს მღელვარებები როგორც მთავრდება, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ეს ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ. არ გვინდა, რომ რაიმე ქაოსი და არეულობა მოყვეს ამ ყველაფერს, ამიტომ ვაცხადებთ რომ, თავი შეიკავონ ღონისძიებისგან, მოვუწოდებთ, როგორც შსსმ- მოუწოდა,“, – თქვა ბრეგაძემ.

ქართული მარში პოლიტიკურ პარტიებს და საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს, ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია სამი დღის განმავლობაში დააფიქსირონ.

ლგბტ პრაიდის კვირეული თბილისში 18-23 ივნისს ჩატარდება. მას ორგანიზებას მოძრაობა "თბილისი პრაიდი" გაუწევს. ივნისი მთელ მსოფლიოში ლგბტ სიამაყის თვეა.

კომენტარები