საბანკო რეგულაციები

კალაძის თქმით, მთავრობას საბანკო რეგულაციების გადახედვა მოუწევს

თბილისის მერია

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მთავრობის მიერ შემოღებული საბანკო რეგულაციები ეკონომიკურ ზრდას აფერხებენ. კალაძე განსაკუთრებით სამშენებლო სექტორის შემცირებაზე ამახვილებს ყურადღებას.

"ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას, ამ სექტორს. მხედველობაში მაქვს დეველოპერები, მხედველობაში მაქვს სამშენებლო სექტორი. შესაბამისად, ცვლილებების განხორციელება ალბათ აუცილებლად მოგვიწევს." - აცხადებს დედაქალაქის მერი.

კალაძის დარწმუნებულია, რომ მთავრობა თავისივე შემოღებულ რეგულაციებს გადახედავს:

"დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში [საბანკო რეგულაციები] შეიცვლება, იმიტომ, რომ ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა, აშკარაა, სტატისტიკაც აჩვენებს, რომ პრობლემა არის ამ მიმართულებით."

რეგულაციების შემოღების შემდეგ, მშენებლობის სექტორი ერთადერთია, რომელიც კლებას განიცდის.

2019 წლის იანვრიდან, ახალი საბანკო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს ევალებათ მსესხებლის გადახდისუნარიანობის უფრო მკაცრად შემოწმება, ვიდრე მანამდე. თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით დაწესებული აქვს მაქსიმალური ლიმიტი თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება აიღოს მან. 

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, სესხის გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს, ანუ 350 ლარს.

2) თვეში 1000-2000 ლარამდე - 45%-ს, 900 ლარს

3) თვეში 2000-4000 ლარამდე - 55%-ს, 2200 ლარს

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, მოქალაქეს შეუძლია აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, 60%-ია. 

საფინანსო ორგანიზაციას ასევე არ შეუძლია გასცეს ისეთი სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახადის გადახდის შემდეგ, მოქალაქეს შემოსავლიდან საარსებო მინიმუმზე ნაკლები რჩება. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯები მდგრადი ზრდისათვის აუცილებელია.

ფინანსთა მინისტრის თქმით კი მთავრობა რეგულაციების გადახედვის საჭიროებას ვერ ხედავს.

სესხების გაცემაზე რეგულაციებმა ბიზნესი მნიშვნელოვნად დააზარალა - წაიკითხეთ ვრცლად.

 

კომენტარები