ანაკლიის პორტი

თურნავა: ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ანაკლიის პროექტის შესახებ ერთმანეთის იდენტურია

კომერსანტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ანაკლიის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ბუნებრივია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მასზე ყურადღება გაამახვილა. 

მისივე თქმით, მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას პროექტი ძალიან პოზიტიურ კონტექსტში იყო ნახსენები. 

თურნავა ამბობს, რომ ბუნებრივია, რომ ასეთი მნიშვნელობის პროექტთან დაკავშირებით "საკითხს სვამს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მასთან ვიხილავთ ამ საკითხს". 

"ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით, პრინციპში, იდენტურია. ანაკლიის პროექტი არის უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად და ამიტომაც საქართველოს მთავრობა ამ პროექტის ესოდენ მხარდამჭერია", - ამბობს ნათია თურნავა. 

მინისტრის თქმით, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაუგრძელა ვადა ანაკლიის კონსორციუმს, რათა მან დაფინანსების საკითხი ბოლომდე მიიყვანოს.  

"ჩვენ ძალიან აქტიურად დავუჭერთ მხარს მოლაპარაკებების პროცესს და ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში შევძლებთ, გადავიდეთ პროექტის შემდეგ ფაზაზე",- თქვა მან. 

"უკვე ვთქვი, რომ ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ამ პროექტის შესახებ არის ერთმანეთის იდენტური. პროექტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე შეიძლება მასზე საუბარი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის კონსორციუმს ინვესტიციების ფინანსური დახურვის ვადა ექვსი თვით გადაუვადდება, რაც მთავრობის მომდევნო სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.

მთავრობის რეაგირება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გუშინდელ განცხადებას მოჰყვა:

"მე გამოვხატე იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და ხელს შეუშლის იმას, რომ საქართველო მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ." - თქვა პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვაშინგტონში ვიზიტისას.

პომპეოს განცხადების შემდეგ მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ მთავრობა მხარს დაუჭერდა ანაკლიის კონსორციუმის თხოვნას ფინანსური დახურვის თარიღის გადავადებაზე.

კომენტარები