ლგბტ კვირეული

"ხელისუფალსაც და ერსაც ვაფრთხილებთ, კვირეული არ უნდა შედგეს," - მღვდლები პრაიდის წინააღმდეგ

მართლმადიდებელი სასულიერო პირები საქართველოში ლგბტ კვირეულის ჩატარებას ეწინააღდეგებიან. სამმა დეკანოზმა ამ თემასთან დაკავშრებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მღვდლები ხელისუფლებას და ხალხს აფრთხილებენ, რომ მსგავსი კვირეული არ უნდა შედგეს. 

"ეკლესია შეეწინაღმდეგება თუ არა ამას? რა თქმა უნდა, შეეწინააღმდეგება. რა თქმა უნდა, ისე, როგორც ამას აკეთებდა ყოველთვის. რაც არის ჩვენი ძალა პირველ რიგში, ეს არის ქადაგება... თუ ეს ადამიანები დააპირებენ აღლუმის ჩატარებას, ჩვენ დავდგებით. თუ გამოიყვანენ ძალას ჩვენ წინააღმდეგ და გაგვწევენ, დაგვარბევენ, გაიარონ. იმიტომ მოვედით, ხელსუფალიც გავაფრთხილოთ და ერიც გავაფრთხილოთ, რომ ასეთი კვირეული არ უნდა შედგეს. “- ამბობს დეკანოზი ვახტანგ დავითაშვილი. 

"ეკლესია ამას ამხელს და როგორც ეკლესიის შვილს, აი თქვენ ხართ ეკლესიის შვილები და გიხსნით რა შეიძლება ამას მოჰყვეს. როგორც ექიმი აუხსნის ადამიანს, რომ შვილო, შენ თუ ახლა ღვინის სმა არ შეწყვიტე, ინფარქტით მოკვდები, ჩვენ გაფრთხილებთ რა შეიძლება მოჰყვეს. ჩვენ არასდროს აგრესიულები არ ვართ. ეკლესია ასეთ ხალხს ყოველთვის მოუწოდებს სინანულისკენ," - ამბობს დეკანოზი დავით ქვლივიძე.

"კაცი რომ მოდის ხელიშუფლებაში და რომ გეუბნებია, რომ გზებს დავაგებ ამას ვიზამ, ჩვენ მაგას კი არ უნდა ვუსმინოთ, უნდა ვკითხოთ მამათმავლები, რომ აღლუმის ჩატარებას მოინდომებენ, თქვენ რას იზამთ? ქრისტეს შეურაცხყოფას, რომ ვინმე დააპირებს, ტელევიზორში რომ ვინმე გამოვა და იტყვის ქრისტე მოკვდაო, აი ამ ხალხთან როგორი დამოკიდებულება გექნებათო. ეს უნდა ვკითხოთ. საქონელი ხო არ ვართ ან პირუტყვი, გვასმევენ თუ გვაჭმევენ იმის მიხედვით ავირჩიოთ ხელისუფალი," - ამბობს კიდევ ერთი დეკანოზი დავით ნოზაძე.

18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეული ჩატარდება. მას ორგანიზებას ორგანიზაცია "თბილისი პრაიდი" გაუწევს. 

31 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ლგბტქ აქტივისტებმა თქვეს, რომ 30 მაისს, შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მათ შესთავაზეს ღირსების მარშის დახურულ სივრცეში გადატანა. ორგანიზატორებმა თქვეს, რომ შეხვედრაზე სამუშაო ფორმატისთვის მომზადებულები მივიდნენ, თუმცა სამინისტროს წარმომადგენლები დიალოგში არ შევიდნენ და უთხრეს, რომ მათ დაცვას ვერ შეძლებდნენ.

ამასთან, მათი თქმით, შსს-სთვის წარდგენილ მარშრუტებს შორის არ იყო ისეთი ადგილები, სადაც უმეტესად იმართება აქციები - რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის ტერიტორია და მთავრობის კანცელარია.

მიუხედავად ამისა, ლგბტ პრაიდის ორგანიზატორების თქმით, ისინი მარშის გამართვას მაინც შეეცდებიან.

კომენტარები