უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

შავგულიძე: "ოცნება" და მოსამართლე წევრთა კლანი უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას ჩქარობენ

შალვა შავგულიძე
ტაბულა

ბლოკი ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ქართული ოცნება და მოსამართლე წევრთა კლანი ცდილობენ, სწრაფად სრულად დააკომპლექტონ უზენაესი სასამართლო მართვადი მოსამართლეებით.

შავგულიძე იუსტიციის საბჭოს მიე მოსამართლეობის მსურველთა 144 პირიანი სიის გამოქვეყნებას გამოეხმაურა:

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყურად არ იღო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იმასთან დაკავშრებით, რომ იუსტიციის ამ საბჭოს, რომლის მიმართ საზოგადოებას აქვს მეტად დაბალი ხარისხის ნდობა და ამ მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობას სრულად არ დაეკომპლექტებინა უზენაესი სასამართლო. ამ რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ იუსტიციის საბჭომ გამოაცხადა კონკურსი უზენაესი სასამართლოს ყველა, 20 ვაკანსიაზე. ქართული ოცნების ხელისუფლება და მასთან კორუფციულ გარიგებაში მყოფი ე.წ. მოსამართლე წევრთა კლანი, ჩქარობენ, რაც შეიძლება სწრაფად სრულად დააკომლექტონ ქართული ოცნებისგან მართვადი მოსამართლეებით უზენაესი სასამართლო“, - ამბობს შავგულიძე.

მისივე თქმით, უნდა ველოდოთ, რომ უზენაესი სასამართლო აბსოლუტური უმრავლესობით დაკომპლექტდება ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატებით.

„იმ ათ კაციანი სიიდან, რომელმაც საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია, რვა პირი წარმოდგენილია ახალ სიაში. არ არიან მხოლოდ დიმიტრი გვრიტიშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე. უნდა ველოდოთ, რომ რვავე თუ არა, უმრავლესობა წარდგენილი იქნება პარლამენტის წინაშე. ახალ სიაში, ასევე, დამატებულია ე.წ. კლანის უშუალო შემადგენლობაში მყოფი მოსამართლეები: გეწაძე, თევზაძე და მამისეიშვილი. ისინი კლანის გადაწყვეტილებების აშკარა მხარდამჭერები არიან და აგრესიულობით გამოირჩეოდნენ იუსტიციის საბჭოს იმ არამოსამართლე წევრების მიმართ, რომლებიც კლანის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებდნენ და არასამთავრობო სექტორის მიმართ“, - ამბობს შავგულიძე.

მთაწმინდაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს უზენაეს სასამართლოში მოქმედი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ზაზა თავაძის ხილვა სურს - მათი გვარები მოსამართლეობის მსურველთა სიაშია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144 პირიანი სია 1 ივნისს გამოქვეყნდა. 

მსურველებს შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, საკოსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა თავაზე და სხვა მოქმედი თუ ყოფილი მოსამართლეები.

იმ ათი მოსამართლიდან, რომელთაც, საზოგადოებრივი წნეხის ფონზე, წინა კონკურსიდან კანდიდატურების გაწვევა მოუწიათ, 8 კვლავ მსურველთა სიაშია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შორის მათგან მხოლოდ მიხეილს ჩინჩალაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი არ არიან.

ახალი კანდიდატები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უნდა წარუდგინოს.

კომენტარები