უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

მოსამართლეობის კანდიდატი პრაიდზე: ლგბტ ადამიანების დაცვის საჭიროება არ ყოფილა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის უვადოდ დანიშვნის მსურველ 5 კანდიდატს მოუსმენს. 

მათგან პირველი საბჭომ ზურაბ აზნაურაშვილი გამოკითხა. 

საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა მას კითხვები მათ შორის ადამიანის უფლებებზე, ლგბტ თემსა და გამოხატვის თავისუფლებაზე დაუსვა. 

ჯანეზაშვილის კითხვაზე, ვინ მოახდინა გავლენა მისი ფასეულობების ჩამოყალიბებაზე, აზნაურაშვილი პასუხობს: 

"შეხედულებები, ღირებულებები, რა თქმა უნდა, ოჯახიდან იწყება, მაგრამ დროთა განმავლობაშ იცვლება ასაკის მატებასთან ერთად, გარკვეული გამოცდილების მიღებასთან, კოლეგებთან ურთიერთობის შედეგად. ხედვები, თუნდაც, თქვენი კითხვებიდან გამომდინარე რაც მაქვს, არის დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული. 

მაგალითად, 10 წლის წინ ვიყავი უფრო კრიტიკული თუნდაც ლგბტ თემის მიმართ, ვიდრე ახლა. დროის განმავლობაში შემეცვალა წარმოდგენები ზოგადად, მათ შორის ამ თემაზე. თუნდაც, ბოლო შეკრებიდან გამომდინარე, მათი გამოსვლით არაფერი არ მოხდა. ზოგადად, საშიში არ ყოფილა". 

მოსამართლეობის კანდიდატმა აზნაურაშვილმა ნაზი ჯანეზაშვილის მიერ დასმულ კითხვებს ლგბტ თემის, თემის გამოხატვის თავისუფლების, თბილისი პრაიდის, ასევე კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერის შეცვლის და მასში სიტყვა მეუღლეების "ქალისა და კაცით" ჩანაცვლების შესახებ ასე უპასუხა: 

"ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. მათ აქვთ შეკრების თავისუფლება. რამდენიმე დღის წინ მოხდა ასეთი შეკრება და არაფერი საწინააღმდეგო და პრობლემური არ დაფიქსირებულა, ჩემი აზრით. 

ზოგადად აქციაზე არ ვყოფილვარ, შეიძლება დროის სიმცირის გამო. მე ნებისმიერი ადამიანის უფლებებს დავუჭერ მხარს, თუ საჭირო გახდება, აქციითაც

არ მგონია, რომ იმ კონკრეტულ მომენტში სახელმწიფოს მხრიდან [ლგბტ ადამიანების უსაფრთხოების დაცვის ორგანიზება] საჭირო ყოფილიყო. საჭიროება არ იყო, [პრაიდი] სპონტანური აქცია იყო და არ მახსოვს, სახელმწიფოს რამე ქმედება განეხორციელებინოს და ან საჭირო გამხდარიყო. 

ქორწინების საკითხი შეიძლება ზეპირი შეთანხმებით იყოს დაწყებული ან შეწყვეტილი. არ ვიცნობ იმ არგუმენტაციას, რა არგუმენტაციითაც აღნიშნული ჩანაწერი გაკეთდა კონსტიტუციაში და დეტალური განხილვა შეიძლება გამიჭირდეს". 

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ზურაბ აზნაურაშვილის თქმით, მას ასევე არ აქვს "საყვარელი" საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელმაც მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. 

ასევე, არ არსებობს მოსამართლე, რომელიც მისთვის მისაბაძია, ვინაიდან არც საქართველოში და არც დასავლეთში ასეთ მოსამართლეებს არ იცნობს. 

"ქართველი მოსამართლე რომ დავასახელო, გამიჭირდება. უცხოელი, ამერიკის სასამართლოს ვადევნებ თვალს, მაგრამ სახელებში და გვარებში ცუდად ვარ. განსხვავებული მოსაზრებებიც მაქვს წაკითხული, მაგრამ მოსამართლის საქმიანობას რომ გავყოლოდი, თუნდაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები მოსამართლის კუთხით შემესწავლა, ინტერესი არ მქონია. არ დავკვირვებივარ, რაზე წერენ მოსამართლეები განსხვავებულ აზრს". 

რაც შეეხება კითხვას, რა იცის "მოსამართლეთა კლანის" შესახებ, აზნაურაშვილმა უპასუხა, რომ ამაზე ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებები სმენია. 

კითხვაზე, როდის შეიძლება შეიზღუდოს ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, აზნაურაშვილმა უპასუხა: 

"გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთადერთი შეზღუდვა შეიძლება დავაწესოთ მხოლოდ მაშინ, როცა საქმე ადამიანის პერსონალურ ინფორმაციას ეხება". 

დღევანდელ გასაუბრენაზე მოსამართლეობის კანდიდატებს კითხვებს მხოლოდ საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე უსვამენ, საბჭოს სხვა წევრები კითხვების სიმრავლეს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ვინაიდან კანდიდატებს პარლამენტიც ბევრ კითხვას დაუსვამს, საბჭოში გასაუბრება ხანგრძლივი არ უნდა იყოს. 

"დავღალეთ კანდიდატი", - თქვა საბჭოს მოსამართლე წევრმა, ირაკლი შენგელიამ. 

ზურაბ აზნაურაშვილი 2013 წლიდან ამ დრომდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობს, ის ოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ელექტრონული ანგარიშგების განვითარების პროგრამის მენეჯერია.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში არის ზურაბ აზნაურაშვილი, რომელსაც ნათესაური კავშირი აქვს (მაზლი) იუსტიციის საბჭოს წევრთან, თამარ ონიანთან. 

საბჭო აზნაურაშვილის გარდა გეგმავს, დღეს ასევე მოუსმინოს კანდიდატებს: თამარ ალანიას, დიანა ბერეკაშვილს, თამარ ბურჯანაძეს და მერაბ გაბინაშვილს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 10 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის 139 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ. 

კომენტარები