ქუთაისის საკრებულო

"აუცილებლად დავტოვებ საკრებულოს" - ნანა კოსტავა განცხადებას, სავარაუდოდ, 3 ივნისს დაწერს

ნანა კოსტავა
რადიო "ძველი ქალაქი"

ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა ამბობს, რომ დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 

ამის შესახებ კოსტავა ტელეკომპანია "იმედს" სატელეფონო კომენტარში ესაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ის სავარაუდოდ, ორშაბათს დაწერს გადადგომის შესახებ განცხადებას. 

"აუცილებლად საკრებულოსაც დავტოვებ, აუცილებლად, მე არა ვარ სკამზე მიჯაჭვული პიროვნება. არა ვარ არც ხელფასის, არც სკამის, არანაირი პოპულარულობა არ მიღირს არაფრად. შეიძლება, ორშაბათს მივმართო საკრებულოს [მანდატის დატოვებაზე]," - ამბობს კოსტავა. 

კოსტავას გადადგომას ადასტურებენ ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახურშიც, თავად კოსტავამ კი ტაბულას უთხრა, რომ "ორშაბათამდე თუ იცოცხლა, ისეთ დღეში ჩავარდა". 

დღეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი ნანა კოსტავა საბჭოდან გარიცხა. გადაწყვეტილება რიგგარეშე საგანგებო სხდომაზე მიიღეს. 

"ნანა კოსტავა გარიცხულია გენდერული თანასწორობის საბჭოდან. დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც საზოგადოება ჩვენგან ელოდება გადაწყვეტილებებს და ქმედებას. ამ დიდი ტრაგედიით პოლიტიკური მანიპულაცია, ბენეფიტების "დაწერა" მიმაჩნია პოლიტიკურად ამორალურად" - განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა 30 მაისს იმ გოგოს ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა. ვიდეოში გოგოს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული, რითიც კომპანია "აიისას" საქმეზე მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. კოსტავამ აღწერაც დაურთო პოსტს: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"

მოგვიანებით მან ეს პოსტი წაშალა და მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშს იხდის, ამბობს, რომ ტრაგედიის შესახებ არ იცოდა და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. 

ნანა კოსტავას ქუთაისში მოქმედი მედიის წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ კოსტავას მიერ სიძულვილის შემცველ განცხადებებს გმობენ და საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდეს. ოცნების დეპუტატის გადაყენების მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა.

ამის შემდეგ, 31 მაისის სხდომაზე, ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს, თუმცა, ის კვლავ რჩება საკრებულოს და ფრაქციის წევრად.

აღსანიშნავია, რომ ნანა კოსტავა ასევე ნიშნის მოგებით წერდა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შესახებაც. 2017 წლის 23 თებერვალს, მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვან მაია ასათიანს შვილი დაეღუპა, კოსტავამ დაახლოებით, იმავე შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, რაც გუშინ. 

"შვილის დაკარგვა დიდი უბედურებაა. ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად," - წერდა კოსტავა.

კომენტარები