საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ანაკლიის პროექტს სახელმწიფოსგან "უპრეცედენტო მხარდაჭერა" აქვს. თურნავამ კახეთის საერთაშორისო რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ "არც ერთ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია მსგავსი მხარდაჭერა“.
"ეს არის 300-მილიონიანი ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში, ეს არის გზები, რკინიგზა. ჩვენი კეთილი ნება იყო, რომ 70 მილიონამდე გაიხარჯა მიწის გამოსყიდვაზე და ეს არის ჩვენი კონტრიბუცია. ასევე, საპარტნიორო ფონდის მონაწილეობა ამ პროექტში 100 მილიონ დოლარზე მეტი თანაინვესტირებაა. ასეთ პირობებში ეს პროექტი "განწირულია“ წარმატებისთვის და მხოლოდ ერთი რამ გვაკლია, რომ კერძო ინვესტორმა დროულად შეასრულოს თავისი ვალდებულება. თუმცა, ასეთი მხარდაჭერის პირობებში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მარტივია და ასე უნდა მოხდეს“, - ამბობს თურნავა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დაამტკიცა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, "პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია."
ამ ინფორმაციის გავრცელებას მალევე მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ დგებოდა. კონსორციუმის ცნობით, მთავრობამ მათ დაუმალა, რომ ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა.
ამის შემდეგ, კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააუქმა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ბრძანება, რომელიც ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს ამტკიცებდა. ასევე, თანამდებობიდან გაათავისუფლა სააგენტოს უფროსი.





