ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა, ნანა კოსტავამ, Facebook-ზე მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ დასცინა გოგოს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვანი და დაეღუპა.
ნანა კოსტავა წერს, რომ მან ამ ტრაგედიის შესახებ არ იცოდა და გოგოს ვიდეო იმიტომ გააზიარა, რომ "მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებს ებრძვის".
"ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი [მის] ოჯახზე თავს დამტყდარი უბედურება... ვუსამძიმრებ მის ოჯახს და განვიცდი ნამდვილად. მე ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვებრძვი ჩემი გვერდიდან ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს. მეც შვილების დედა ვარ და ზუსტად ისეთივე შოკს და ტრაგედიას განვიცდი, რასაც ეს ოჯახი. მომიტევეთ და მაპატიეთ,"- წერს დეპუტატი.
თუმცა, პოსტში, რომელიც კოსტავამ მანამდე დაწერა, მინიშნება სწორედ ამ გოგოს თავს დამტყდარ უბედურებაზე იყო. კოსტავამ გოგოს ის პოსტი გააზიარა, რომელშიც მას თითებზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული, რითიც კომპანია "აიისას" საქმეზე მოსამართლე ლევან მურუსიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ვიდეოს გაზიარებას კოსტავამ აღწერაც დაურთო: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"
გოგომ, რომლის ვიდეოსაც კოსტავა აზიარებს, რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა.
ქუთაისის საკრებულო