ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი ელეონორა არჩაია საზოგადოებას ბოდიშს უხდის მისი თანაგუნდელის, ნანა კოსტავას, განცხადებას, რომელმაც იმ გოგოს დასცინა ტრაგედიაზე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვანი და დაეღუპა.
"მინდა, პირადად მოვუხადო ბოდიში საზოგადოებას, ჩემი კოლეგის განცხადების თაობაზე.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს ამ ენით აღუწერელ ტრაგედიას და მთელი გულით ვწუხვარ და განვიცდი ასეთი ტკივილის დროს, მსგავსი ამოუხსნელი განცხადების გაჟღერებას, რომელსაც ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, რა თქმა უნდა ემიჯნება,"- წერს ელეონორა არჩაია Facebook-ზე.
ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა ნანა კოსტავამ Facebook-ზე იმ გოგოს ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა და დააწერა: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"
ტაბულა თავად ნანა კოსტავასთან დაკავშირებას შეეცადა, რომელმაც ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ხოლო ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახურმა, თეონა მელქაძემ, კი ტაბულას უთხრეს, რომ "ოცნების" დეპუტატმა უბედური შემთხვევის შესახებ არ იცოდა.
"მე ველაპარაკე ქალბატონ ნანას და მან მითხრა, რომ არ იცოდა, რომ ამ გოგოს და დაეღუპა, ამხელა ტრაგედია იყო და ამ უბედურ შემთხვევას დაემთხვა ეს პოსტი,"- ამბობს პრესსამსახური.
ტაბულას კითხვაზე, რომ კოსტავას პოსტში მინიშნება სწორედ იმაზე იყო, რომ ამ გოგოს ახლა უბედურება დაატყდა თავს და რომ სააგენტო On.ge-ისთან საუბრისას, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "ბოროტმა ძალებმა გოგოს სამაგიერო გადაუხადეს", პრესსამსახური გვპასუხობს, რომ გადაამოწმებს და მოგვიანებით შეგვეხმიანება.
ასევე, მისივე ცნობით, ცოტა ხანში გამოქვეყნდება პარტიის ან თავად ნანა კოსტავას განმარტებითი განცხადებაც.
ვიდეოში, რომელიც კოსტავამ დააშეარა, გოგო კომპანია "აიისა"-ზე მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, სადაც მას 2 თითზე პრეზერვატივი აქვს წამოცმული.