საქნახშირი

საქნახშირი: მუშას, რომელიც ქვა-ნახშირის მასამ ქვეშ მოიყოლა, დღეს სამუშაო დღე არ ჰქონდა

bpn.ge

საქნახშირის ადმინისტრაციის განცხადებით, მუშას, რომელიც ტყიბულში, ქვა-ნახშირის კარიერში მიწისა და ქვა-ნახშირის მასამ ქვეშ მოიყოლა, დღეს სამუშაო დღე არ ჰქონდა.

"აღნიშნული პიროვნება  2010 წლიდან არის საქნახშირის თანამშრომელი და მუშაობს  ელმავლის მემანქანედ, მიუხედავად იმისა, რომ ის ირიცხება კომპანიის თანამშრომლად, ცვლიანობის  გრაფიკის გათვალისწინებით, დღეს მას სამუშაო დღე არ ჰქონდა" - აცხადებს საქნახშირი და აღნიშნავს, რომ 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ, ტყიბულში  ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია.

"შესაბამისად, კომპანიამ შეაჩერა ყველა კონტრაქტორ და კერძო პირთან ხელშეკრულებები და მიმართა მათ, საკუთრებაში არსებული ტექნიკა გაეტანათ, ასევე, კომპანიამ მიმართა შესამაბის უწყებებს, გაეკონტროლებინათ კერძო მოპოვების კარიერები, რათა არ მომხდარიყო უნებართვოდ შეჭრა და ნახშირის მოპოვება, რასაც რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი. მას შემდეგ, რაც საქნახშირმა რამდენჯერმე დააფიქსირა კარიერებზე უნებართვო შეჭრა და ნახშირის მოპოვება, მიმართა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და საქმის კურსში ჩააყენა წიაღის ეროვნული სააგენტო.

კომპანიამ რამდენჯერმე მიმართა ინდმეწარმეებს, შეეჩერებინათ ნახშირმოპოვებითი სამუშაოები. კომპანია ფლობდა ინფორმაციას, რომ ხსენებული კონტრაქტორები პერიოდულად, ფარულად აგრძელებდნენ მოპოვებით სამუშოებს ლიცენზიის სამთო მინაკუთვნებში არსებულ გარე შახტებში" - აცხადებს საქნახშირი.

ცნობისთვის, ტყიბულში, ქვა-ნახშირის კარიერში ერთ-ერთი მუშის შესვლის დროს მიწისა და ქვა-ნახშირის მასა ჩამოიშალა, რომელმაც 55 წლამდე მამაკაცი ქვეშ მოიყოლა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება 112-ზე შევიდა და მისი მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა იმერეთის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებისა და სპეციალური ტექნიკის მობილიზება.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 16 ივლისს გამთენიისას ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციის გამო ჭერი ჩამოიშალა. აფეთქებისას 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა. ტყიბულის შახტში ანალოგიური მიზეზით, კედლების დეფორმაციის და შემდეგ მათი ჩამოშლის გამო 6 ადამიანი აპრილშიც დაიღუპა. ამის გამო, პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოძიების დასრულებამდე შახტა დახურულიყო.

კომენტარები