26 მაისი

ზურაბიშვილი: გამთლიანების მისაღწევად ოკუპაცია პირველ რიგში ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ

დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთელი ისტორია შეგვახსენებს, რომ იგი მუდმივად დასაცავი მონაპოვარია. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვაშენოთ, გავაძლიეროთ, დავიცვათ ის მთავარი საყრდენები, რაზეც სახელმწიფოებრიობა დგას. მისი განმტკიცებისთვის დღევანდელი გამოწვევების ფონზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების გაძლიერება, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება და მომავალზე სწორება. ჩვენს საზოგადოებას დიდი დაღი დაასვა ტოტალიტარიზმმა, მისგან საბოლოოდ, ყოველმხრივ გათავისუფლება არის ერთ-ერთი რთული გამოწვევა, ბევრად უფრო რთული, ვიდრე დამოუკიდებლობის პირველ წლებში წარმოგვედგინა. საბჭოური აზროვნების ნაშთები დღესაც გვაბრკოლებს, უკან გვწევს და ხელს უშლის ჩვენს თავისუფალ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. განსხვავებული აზრის მიუღებლობა, შიდა მტრის მუდმივი ძებნა, შეთქმულების თეორიების შეთხზვა და გავრცელება საბჭოური აზროვნების მაგალითებია.

მხოლოდ თავისუფალი, საკუთარ თავში დარწმუნებული და შერიგებული საზოგადოება შეძლებს სახელმწიფოს გაძლიერებას, მის გაერთიანებასა და გამთლიანებას. იმისთვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს, ოკუპაციის დაძლევას და გამთლიანებას, ოკუპაცია პირველ რიგში ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე საქართველო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს და მოსახლეობას მიმართა.

კომენტარები