Game of thrones

მეისი უილიამსი: მინდოდა არია სტარკს სერსეი ლანისტერი მოეკლა

Game of Thrones-ის მსახიობმა მეისი უილიამსმა Entertainmet Weekly-თან სერიალის ფინალურ ეპიზოდსა და დასასრულზე ისაუბრა.

22 წლის მსახიობის თქმით, ის თავისი პერსონაჟისთვის სხვანაირ დასასრულს ისურვებდა.

"მინდოდა, რომ გადასაღებ მოედანზე კვლავ ლინა ჰიდისთან [სერსეი ლანისტერი] ერთად ვყოფილიყავი, მასთან მხიარულებაა. ასევე მინდოდა არია სტარკს სერსეი მოეკლა, თუნდაც ეს არიას სიკვდილის გამომწვევი ყოფილიყო. სცენარის კითხვის დროს, როდესაც სერსეი ჯეიმისთან ერთად არის, ვფიქრობდი რომ ჯეიმი სახეს "მოიხსნიდა", არია იქნებოდა და ორივე მოკვდებოდნენ. მეგონა ეს იყო არიას სწრაფვა", - თქვა მეისი უილიამსმა.

არია სტარკს სიაში სერსეი ლანისტერიც ჰყავდა, თუმცა მეფის სავანეში ბრძოლისას მისი მოკვლა ვერ შეძლო. ბრან სტარკის გამეფების შემდეგ კი ვესტეროსის დასავლეთით სამოგზაურად და ახალი ადგილების აღმოსაჩენად წავიდა.

"ეს არ იყო Game of Thrones-ისთვის დამახასიათებელი დასასრული არიასთვის, ეს იყო ბედნიერი დასასრული", - თქვა მეისი უილიამსმა.

კომენტარები