ძველი თბილისი

კალაძე: თბილისის ისტორიულ ნაწილში, სამშენებლო კუთხით, გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება

თბილისის მერია

"თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით, გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება," - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, უნდა მოწესრიგდეს სიმაღლეებთან დაკავშირებული პრობლემები და იერსახე უნდა იყის შენარჩუნებული. 

„თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით, გარკვეული რეგულაციები შემოგვაქვს. ძველი თბილისის არეალი, ქალაქის ისტორიული ნაწილი ის ტერიტორიაა, რომელსაც გაფრთხილება აუცილებლად სჭირდება. უნდა მოწესრიგდეს სიმაღლეებთან დაკავშირებული პრობლემები, მორფოლოგია, იერსახე - ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ის მიმართულებებია, რომელიც ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან არაერთი კომუნიკაცია გვქონდა. იმისთვის, რომ ძველი თბილისი გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ ის, რითაც ვამაყობთ, აუცილებელია, ამ რეგულაციების განხორციელება. ყველა ევროპულ ქალაქში, რომელსაც ისტორიული ნაწილი აქვს, ყველგან მსგავსი დამოკიდებულებაა. უახლოეს დღეებში გვექნება პრეზენტაცია, რომელზეც ექსპერტებს, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს მოვიწვევთ. პროექტის განხორციელებაზე ექსპერტთა სხვადასხვა ჯგუფი მუშაობდა, რისთვისაც მინდა, მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, - თქვა კალაძემ. 

მერიის ინფორმაციით, "თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების რეგლამენტის პროექტი წინა პერიოდებში (2006-2007) განხორციელებული დაფარვითი ინვენტარიზაციისა და ისტორიულ კულტურული საყრდენი გეგმის საფუძველზე დამუშავდა. რეგლამენტი ისტორიულ ქალაქში ჩარევების ძირითად წესებს და პრინციპებს, მათ შორის სიმაღლეებს, მოცულობებს, მასშტაბს, მორფოლოგიასა და იერსახეს განსაზღვრავს, რაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრულ რეგულაციებს ჩაანაცვლებს.

კომენტარები