ძველი თბილისი

კალაძე: ძველ თბილისში ფასადებზე კონდიციონერები და გამათბობლები მოხსნეს

თბილისის მერია

დედაქალაქის მერის თხოვნით მოსახლეობამ ახალ აღმაშენებელზე ისტორიული შენობების
ფასადებიდან თვითნებურად დამონტაჟებული საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურა მოხსნა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. 

„გახსოვთ ალბათ, რამდენიმე კვირის წინ მე ვსაუბრობდი ახლადრეაბილიტირებული აღმაშენებლის მაგალითზე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებების კონდიციონერებისა და გამათბობლების გამო ისტორიული ფასადების დაზიანებასთან დაკავშირებით. მაშინ თხოვნით მივმართე მოსახლეობას, რომ გაეთვალისწინებინათ ეს ყოველივე და ამ ინფრასტრუქტურის დემონტაჟი განეხორციელებინათ, რაც მართლაც გააკეთეს და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რომ გაგებით მოეკიდნენ ჩვენს თხოვნას. პირველ რიგში ეს ადამიანები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი იმით, რომ ეს ობიექტები მაქსიმალურად შენარჩუნდეს და არავის მისცენ მათი დაზიანების შესაძლებლობა. ეს არის ძეგლები, რომლებითაც ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი. რა თქმა უნდა, იმ ხარჯებს, რაც აღდგენით სამუშაოებს ეხება, როგორც მაშინ ვთქვი, მერია აიღებს საკუთარ თავზე. სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი ჩაატარებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე კვირის წინ ზედამხედველობის უფროსს დაავალა აღერიცხა ძველ თბილისში ფასადებზე მოსახლეობის მიერ დამონტაჟებული ინფრასტრუქტურა და მათი დემონტაჟისთვის დრო მიეცა.

კომენტარები