რუსეთ-საქართველო

კანდელაკი: პომპეოს და პუტინს შეხვედრაზე საქართველოზე არ უსაუბრიათ, მთავრობა ამაზე არ მუშაობს

გიორგი კანდელაკი
facebook.com/gkandelaki

ევროპული საქართველოს წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე საქართველოს საკითხი არ დასმულა. კანდელაკი ამბობს, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით არ მუშაობს, რაც ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა. 

"სამწუხაროდ, როგორც ამ შეხვედრის შემდეგ გამართული პრესკონფერენციის სტენოგრამიდან ხდება ცნობილი, რომელიც განთავსებულია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე, ამ შეხვედრებზე საქართველოს შესახებ საუბარი არ ყოფილა. ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ ამ საკითხზე პარლამენტში გამოსვლებისას და იმედი გამოვთქვით, რომ საქართველოს მთავრობა იმუშავებდა, რომ საქართველოს საკითხი, დეოკუპაცია და სხვა თემები შეერთებული შტატების მხრიდან ამ შეხვედრაზე დამდგარიყო, მაგრამ ეს ასე ამჯერადაც არ მოხდა. ჩვენ ევროპულ საქართველოს პრეტენზია გვაქვს, არა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენ მადლიერი ვართ აშშ-ის, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ პრეტენზია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, რომელიც არ მუშაობს იმაზე, რომ როცა ასეთ უმაღლეს დონეზე ხდება შეხვედრები რუსეთის ლიდერებთან, დადგეს საქართველოს საკითხი," - ამბობს კანდელაკი. 

გიორგი კანდელაკი ასევე აღნიშნავს, რომ გუშინ გავრცელებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ხელისუფლება ლობისტებს ამ მიმართულებით დავალებებს არ აძლევს. 

"გუშინ ასევე საზოგადოებას წარვუდგინეთ დოკუმენტი, რას ავალებს მთავრობა საკუთარ ლობისტებს, რომლებსაც ფულს უხდის ჩვენი ჯიბიდან. ამ დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ იმ დავალებებს შორის, რასაც საქართველოს მთავრობა გასცემს ლობისტებზე არ ფიგურირებს საერთოდ ის, რომ ასეთ შეხვედრებზე, როგორიც გუშინ გაიმართა, საქართველოს საკითხი წამოწეული იყოს, ან სანქციების თემატიკაში მოხვდეს საქართველოს საკითხი. ეს არის მართლაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საზიანო ფაქტი," - ამბობს კანდელაკი. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს გუშინ შეხვდნენ. 

 

კომენტარები