შინაური ცხოველები

თუ თქვენი შინაური ცხოველი ადამიანს ან ცხოველს დაკბენს/დაკაწრავს, 800 ლარით დაჯარიმდებით

კანონპროექტის თანახმად, შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის, მოვლა-პატრონობის და პოპულაციების მართვის წესების დარღვევა, რასაც შედეგად მოყვა ადამიანის ან ცხოველის დაკბენა-დაკაწვრა ან/და სხვა პირის ინტერესებისთვის ზიანის სხვაგვარი მიყენება, გამოიწვევს ცხოველის მეპატრონის/მფლობელის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში თუ ფაქტი განმეორდება, მაშინ ცხოველის პატრონს ჯარიმის სახით ორმაგი ანუ 1600 ლარის გადახდა მოუწევს.

დეპუტატთა ნაწილი "შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ" კანონის მიღებას ითხოვს. კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ინიციატორები არიან კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე და გიორგი ხატიძე.

"ამ კანონის მიზანია შინაური ბინადარი ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მათი დაცვა, აგრეთვე ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა" - წერია კანონპროექტში.

დოკუმენტის მიხედვით, ნებისმიერი პირი, ვინც უვლის ან პატრონობს შინაურ ბინადარ ცხოველს, პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, მან თავიდან უნდა აიცილოს შინაური ბინადარი ცხოველის გაქცევა ან დაკარგვა. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად გაუშვას გასასეირნებლად შინაური ბინადარი ცხოველები თავის ნაკვეთში, თუ ტერიტორია უსაფრთხოდ იქნება შემოსაზღვრული, შესასვლელთან ექნება გამაფრთხილებელი წარწერა და შინაური ბინადარი ცხოველები მოკლებული იქნებიან შესაძლებლობას, ზიანი მიაყენონ ამ ტერიტორიის მიღმა მყოფი პირების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ქონებას. 

შინაური ბინადარი ცხოველის გასეირნება (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) საზოგადოებრივ ადგილებში დაიშვება მხოლოდ უსაფრთხოებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების (ალიკაპი, საბმელი ან/და მოკლე საბმელი) გამოყენებით.

შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე ვალდებულია ყოველწლიურად უზრუნველყოს შინაური ბინადარი ცხოველის ვეტერინარული შემოწმება, იმუნიზაცია (მათ შორის ანტირაბიული), საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება. ასევე, ვალდებულია ცხოველის მიერ ადამიანის ან/და ცხოველის დაკბენის/დაკაწვრის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას ან უფლებამოსილ ორგანოს, დააწესოს ცხოველზე ვეტერინარული ზედამხედველობა და წარუდგინოს უფლებამოსილ ორგანოს ვეტერინარული პასპორტი. ვეტერინარული ზედამხედველობის ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე.

შესაბამისი მუხლი დაემატება სისხლის სამართლის კოდექსს და ცხოველთა ორთაბრძოლები თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. კერძოდ, ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე. ხოლო თუ პირი ამას ჯგუფურად, არაერთგზის ან/და არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩაიდენს, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

კანონპროექტი მხარდაჭერის შემთხვევაში ძალაში შევა 2020 წლის 1 იანვრიდან.

კომენტარები