ბრექსითი

საფრანგეთი ბრექსითის ხელახალ გადავადებას ეწინააღმდეგება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი ტერეზა მეი
GETTY IMAGES

ფრანგი პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, საფრანგეთი ბრექსითის დედლაინის ხელახალ გაგრძელებას ეწინააღმდეგება და იმედოვნებს, რომ დიდი ბრიტანეთში ევროპული არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პარტიები საბოლოო შეთანხმებაზე შეჯერდებიან.

"ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ განმეორებით გადავადებაზე. ჩვენი მესიჯი ნათელია - 31 ოქტომბრამდე გამოსავალი უნდა ჩანდეს… შესაძლოა, დიდ ბრიტანეთში ევროპულმა არჩევნებმა სასურველ შეთანხმებამდე მიგვიყვანოს," - ამბობს პრეზიდენტის მრჩეველი.

გასულ თვეს საფრანგეთს ბრექსითის მოლაპარაკებების მოკლევადიანი გაგრძელება სურდა, ხოლო გერმანიას უფრო ხანგრძლივი პერიოდი ერჩივნა. საბოლოოდ, ევროპელი ლიდერები ექვსთვიან გადადებაზე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ კანონით, გაერთიანებულ სამეფოს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა. თუმცა, რადგან პარლამენტმა შეთანხმება სამჯერ ჩააგდო აპრილის პირველ ნახევარში ევროკავშირის ლიდერები ბრექსითის 31 ოქტომბრამდე გადადებას დათანხმდნენ.

ევროკავშირის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ბრექსითის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები აღარ განახლდება.

ბრექსითის გადადების გამო ბრიტანეთს მაისში ევროპარლამენტის არჩევნებში მოუწევს მონაწილეობის მიღება.

თავად ტერეზა მეიმ უკვე დაადასტურა, რომ თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგება, თუმცა უცნობია, კონკრეტულად როდის.

კომენტარები