ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრს დამატებით კიდევ ერთი, ჯამში შვიდი მოადგილე ეყოლება

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროში დამატებითი შტატი შეიქმნება. ახალი კადრის პასუხისმგებლობაში ინვესტიციები და ინვესტორებთან ურთიერთობა შევა.

ცნობილი ხდება, რომ ამ თანამდებობას ნიკა ალავიძე დაიკავებს. ის ნათია თურნავას მეშვიდე მოადგილე გახდება.

"დღეს მე დავამტკიცებ ეკონომიკის მინისტრის ახალ მოადგილეებს, მათ შორის ჩვენ შემოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მოადგილის შტატი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ინვესტიციებზე, ზოგადად ინვესტორებთან ურთიერთობაზე." - ამბობს ბახტაძე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი მოადგილე მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვაზე არ იზრუნებს და მათი განხორციელების შემდგომაც ითანამშრომლებს ინვესტორებთან.

ბახტაძე ამბობს, რომ ცვლილება "ერთი ფანჯრის პრინციპის" დანერგვას შეუწყობს ხელს.

"ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოადგილე იქნება ამავე დროს პასუხისმგებელი კოორდინაციაზე სხვა უწყებებთან. ვინაიდან ინვესტორებს უწევთ ურთიერთობა არა მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროსთან, არამედ სხვა უწყებებთან, ჩვენ ამ პრაქტიკას შევზღუდავთ და იქნება ერთი ფანჯრით მომსახურების პრინციპი, სადაც მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი ინვესტორებთან ურთიერთობაზე." - აცხადებს პრემიერი.

ამასთანავე, ნათია თურნავას მოადგილე ენერგეტიკის საკითხებში დავით თვალაბეიშვილი იქნება. თვალაბეიშვილი 2018 წლის ოქტომბრიდან საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) ხელმძღვანელი იყო.

შეგახსენებთ, რომ 18 აპრილიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს ნათია თურნავა იკავებს. თურნავა იქამდე მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. მან თანამდებობაზე გიორგი ქობულია შეცვალა.

კომენტარები