ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრო "პირველადი მოთხოვნილებების სურსათის სამოქმედო გეგმას" მოამზადებს

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სურსათის სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სასურსათო სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ვითარება განიხილეს. მაღალჩინოსნების მტკიცებით, ბოლო პერიოდში ლარის კურსის გამყარებისა და სურსათის საიმპორტო ფასის კლების მიუხედავად, მარკეტებში მათი ღირებულება არ შეცვლილა, რაც უარყოფითად მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად, სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე აისახება.

სამინისტრო თვლის, რომ არსებული მდგომარეობის შესაცვლელად საჭიროა, სახელმწიფო თავად ჩაერთოს ბაზრის პროცესებში, რის გამოც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა, რომელიც როგორც დისტრიბუტორებთან, ასევე ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან ერთად "გამოსავლის მოსაძიებლად" იმუშავებს.

შეხვედრაზე ითქვა ისიც, რომ მომხმარებელმა "პირველადი დანიშნულების სასურსათო პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად კონკურენტულ პირობებში უნდა მიიღოს". თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იგულისხმება კონკრეტულ პირობებში, ან პირველადი დანიშნულების სასურსათო პროდუქტებში.

ასევე, სამინისტროს ცნობით მომზადდება "პირველადი მოთხოვნილების სასურსათო პროდუქტების სამოქმედო გეგმა", რომელზეც მთავრობა, დისტრიბუტორები და მარკეტები ერთად იმუშავებენ. 

კომენტარები