ეკონომიკის სამინისტრო

იანვარ-ივნისში აეროპორტებში მგზავრთნაკადი პანდემიამდელ ნიშნულს გაუთანაბრდა – ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, 2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებმა  2 500 000-მდე მგზავრს უმასპინძლა. როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, იანვარ-ივნისში, მგზავრთნაკადის მონაცემები  პანდემიამდელ ნიშნულს გაუთანაბრდა. 

"ჩვენ შევძელით და საქართველოს აეროპორტებში სრულად აღვადგინეთ მგზავრთნაკადი - თუ მას 2019 წლის მონაცემებს შევადარებთ. დღესდღეობთ ჩვენ გვყავს 50-მდე საერთაშორისო პარტნიორი ავიაკომპანია, რომლებიც 60-ზე მეტი მიმართულებით ასრულებს პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება საერთაშორისო მგზავრებისთვის, ტურისტებისთვის.

რაც შეეხება ნახევარი წლის მონაცემებს კონკრეტული აეროპორტების მიხედვით: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 566 251 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ს შეადგენს. ამასთან, აეროპორტი 84%-ით დაუბრუნდა 2019 წლის პირველ ექვს თვეში დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს.

ანალოგიურად, პოზიტიური სურათია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სტატისტიკაშიც - გადაყვანილ იქნა 667 305 მგზავრი, ზრდა 2022 წლის ორი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით 103%-ს შეადგენს. ამასთან, იანვარ-ივნისში მიღებულ მგზავრთა მაჩვენებელი 83%-ით აღემატება 2019 წლის პირველ ექვს თვეში მიღებული მგზავრების რაოდენობას. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს რაც შეეხება, ის 236 444 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 9%-ია, ხოლო 2019 წლის პირველ ექვს თვესთან მიმართებაში აღდგენა 96%-ს შეადგენს.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მგზავრთნაკადის ზრდის დადებითი დინამიკაა არამარტო საერთაშორისო, არამედ ქვეყნის ადგილობრივი დანიშნულების - მესტიის, ამბროლაურის და ნატახტარის აეროპორტებშიც".-აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ 

 

კომენტარები