რუსული პროპაგანდა

ევროპული საქართველო რუსული პროპაგანდის შესამცირებლად კანონპროექტების პაკეტს წარადგენს

ფრაქცია „ევროპული საქართველო“ რუსული პროპაგანდის შესამცირებლად პარლამენტს კანონპროექტების პაკეტს სთავაზობს. ინიციატივა რამდენიმე კანონში ცვლილებას ითვალისწინებს და მისი მიზანი რუსული გავლენების კანონის გზით შემცირებაა. პარტიის წევრის სერგი კაპანაძის თქმით, პარლამენტმა რუსეთიდან მომავალი პროპაგანდა, პოლიტიკურ დონეზე უნდა აღიაროს საფრთხედ, ხოლო მთავრობამ განსაზღვროს ისეთი ორგანო, რომელიც იქნება პასუხისმგებელი, რათა ებრძოლოს საქართველოში რუსულ პროპაგანდას და საფრთხეებს. საკანონმდებლო ინიციატივა ფრაქციამ ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავა.

„ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ რუსეთმა სხვადასხვა ბერკეტით, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსებისა თუ „რბილი ძალის“ სხვა მეთოდების გამოყენების გზით, საქართველოში თავისი გავლენა გაზარდა, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხის შემცველია. ამიტომ, დღეს ჩვენ იმ საკანონმდებლო პაკეტის ინიცირებას ვახდენთ, რომელიც მოიცავს რამდენიმე კანონში ცვლილებებს და რომელიც მიზნად ისახავს შემდეგს:

პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის მთავრობას ან ისეთ ორგანიზაციებს, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, რომლებშიც რუსეთის ფედერაციის მთავრობაა მთავარი ბენეფიციარი, არ ჰქონდეთ საშუალება, რომ საქართველოში დახარჯონ თავიანთი ფული თავიანთივე პროპაგანდული მიზნებისთვის. მეორე - ეს საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ხელისუფლება იქნება ეს მომავალში, არ ჰქონდეს საშუალება იურიდიულად, რომ ფული მისცეს, შესყიდვა განახორციელოს თუ სხვა გზით ბიუჯეტის სახსრები ისეთი ორგანიზაციებისკენ მიმართოს, რომლებიც მოწინააღმდეგე არიან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო პოლიტიკური ვექტორია. ასევე არ ჰქონდეს საშუალება, დააფინანსოს ისეთი ორგანიზაციები, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მედია თუ სხვა, რომელიც პირდაპირ იქნება რუსეთის პროპაგანდისტული მესიჯბოქსი საქართველოში, კონკრეტულად კი, შეეწინააღმდეგება მაგალითად, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას," - თქვა კაპანაძემ. 

მისივე თქმით, კანონპროექტის პაკეტი მიზნად ისახავს, რომ პარლამენტმა რუსეთიდან მომავალი საფრთხე, რომელიც პროპაგანდას უკავშირდება, აღიაროს.

„ამასთან ერთად, მიზნად ვისახავთ, რომ საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკურ დონეზე აღიაროს საფრთხე - რუსეთიდან მომავალი პროპაგანდა. ეს, სხვათა შორის გაკეთებული აქვს უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც რამდენიმეჯერ პარლამენტში პრეზენტაციის დროს, წელს, შარშან თუ იმის წინაც აღიარებდა, რომ რუსეთიდან მომავალი „რბილი ძალის“ საფრთხე რეალურია და ქვეყნის უსაფრთხოებას სერიოზულ გამოწვევას უქმნის.

ამიტომ, ჩვენ პარლამენტს ახლა მივმართავთ რეზოლუციის პროექტით, რომელიც ერთი მხრივ აღიარებს ამას, როგორც გამოწვევას და მეორე მხრივ, მოვუწოდებთ მთავრობას, რომ მან განსაზღვროს ისეთი ორგანო, რომელიც იქნება პასუხისმგებელი, რომ ებრძოლოს საქართველოში რუსულ პროპაგანდას და რუსეთის საფრთხეებს არამარტო საქართველოს არაოკუპირებულ, არამედ მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით", - აღნიშნა კაპანაძემ.

პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი იმედოვნებს, რომ უმრავლესობა აღნიშნულ საკითხს „საღი აზრით მოეკიდება".

„ახლა მუშაობას დავიწყებთ პოლიტიკურ ძალებთან პარლამენტის შიგნით, რომ მოვიპოვოთ კონსენსუსი ამ დოკუმენტის ირგვლივ,"- თქვა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ზოგიერთ პოლიტიკურ ძალასთან თემის ირგვლივ კონსულტაციები უკვე გაიმართა.

„მანამდე ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ზოგიერთ პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის „თავისუფალ დემოკრატებთან," ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან. მათი მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით ვიცით, მაგრამ როცა დისკუსია პარლამენტში გადაინაცვლებს, კონკრეტულად ყველას მოუწევს თავისი ფორმალური პოზიციის დაფიქსირება," - ამბობს კაპანაძე.

მისი ინფორმაციით, კანონპროექტის პაკეტი რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა, ხოლო სამუშაო შეხვედრები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდა. კაპანაძის ინფორმაციით, პაკეტის მომზადებაში მონაწილეობას ასევე იღებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები, რომლებიც ამ თემაზე მუშაობდნენ.

კომენტარები