რუსული პროპაგანდა

რუსეთის მტკიცებით, ევროკავშირი სერბეთში "მაიდნის" მოსაწყობად ემზადება

Marko Djokovic/AFP/Getty Images 

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (СВР) ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ირწმუნებიან, რომ ევროკავშირი სერბეთში "მაიდნის" მოსაწყობად ემზადება. განცხადების მიხედვით, ქვეყანაში მიმდინარე არეულობა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობენ ახალგაზრდები, მეტწილად ბრიუსელის "დივერსიული საქმიანობის შედეგია." 

СВР-ის პრესსამსახურის განცხადებას რუსული სამთავრობო მედია TASS ავრცელებს. 

"ევროკავშირი სერბულ მაიდანს ამზადებს," ციტირებს განცხადებას TASS. საგარეო დაზვერვის სამსახურის მიხედვით, ევროპელი მეინსტრიმ ლიბერალების მიზანია, სერბეთში დანიშნონ ისეთი ლიდერები, რომლებიც ბრიუსელისადმი არიან ერთგულები. 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მოსახლეობის რადიკალიზებული ახალგაზრდების ნაწილი დემონსტრაციების მშვიდობიანი მეთოდებიდან წინააღმდეგობის "რევოლუციური" მეთოდებისკენ მიიწევენ. 

ამის მიუხედავად, СВР-ის განცხადების მიხედვით, "ფერადი რევოლუციის სცენარი, რომელიც დასავლეთმა მრავალ ქვეყანაში წარმატებით გამოცადა, სერბეთში წარუმატებელია".

"ევროპული ბიუროკრატიის საბოლოო მიზნები ვერ იქნა მიღწეული. ეს გამოწვეულია ადგილობრივ საზოგადოებაში არსებული ძლიერი პატრიოტული განწყობით, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გამაერთიანებელი გავლენითა და NATO-ს აგრესიასა და ქვეყნის დაბომბვაზე მოგონებებით, რამაც მისი დაშლა გამოიწვია." წერს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური. 

СВР-ის განცხადებას მალევე სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩიც გამოეხმაურა. ვუჩიჩმა "რუს პარტნიორებს" მადლობა გადაუხადა გავრცელებული ინფორმაციისა და გაფრთხილებისთვის და დაამატა, რომ სერბეთის დაზვერვის სამსახურები რუს კოლეგებს დაუკავშირდებიან, რათა დაწვრილებით შეისწავლონ ევროკავშირის გეგმები სერბეთში "ფერადი რევოლუციის" მოწყობის შესახებ.

"მადლობა ჩვენს რუს პარტნიორებს ინფორმაციისთვის და შეტყობინებისთვის. ჩვენი დაზვერვის სამსახური მათ დაუკავშირდება და ჩვენ სერბეთს დავიცავთ," თქვა ვუჩიჩმა. 

ამასთან, რუსეთში სერბეთის ელჩმა, მომჩილო ბაბიჩმა TASS-ს განუცხადა, რომ სერბული მხარე ითვალისწინებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ქვეყანაში "მაიდნის" მოწყობის სამზადისთან დაკავშირებით. 

"სერბეთი ახლოდან აკვირდება რუსეთის სადაზვერვო სამსახურებიდან წამოსულ ინფორმაციასა და ცნობებს. ვიცი, რომ ისინი საუკეთესო სადაზვერვო სამსახურები არიან მსოფლიოში და არასერიოზული იქნებოდა მათი უგულებელყოფა. ყველაფერი, რასაც ბატონი ნარიშკინი [რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი] და მისი კოლეგები ამბობენ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვსწავლობთ და პატივს ვცემთ ამას," აღნიშნა სერბეთის ელჩმა. 

კომენტარები