გარემოს დაცვა

მოსაკრებელი ოჯახში სამ ან მეტ მანქანაზე - პარლამენტის სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციები

Bayram Isgandarov / newscafe.ge

პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის ინიციატივით, ოჯახში სამი ან მეტი ავტომანქანის ყოლის შემთხვევაში, შესაძლოა მოქალაქეებს მოსაკრებლის გადახდა მოუწიოთ. ამის შესახებ თემატურ ანგარიშში წერია თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ.

სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ ანგარიშში საუბარია სტრატეგიების შემუშავებაზე, ახალ რეგულაციებზე და შემდგომი მოკვლევის გაგრძელებაზე არაერთ სფეროში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

გარდა ავტომობილებზე მოსაკრებლის დაწესებისა, რეკომენდაციებში შედის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება, რომელიც წაახალისებს სტუდენტებს გამოიყენონ ეკოლოგიური ტრანსპორტი, მაგალითად, ველოსიპედი. აგრეთვე რეკომენდაციებში საუბარია იმაზეც, რომ სოლოლაკში ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთლიანად შეიძლება აიკრძალოს (გამონაკლისი მხოლოდ ჰიბრიდული საშუალებები და ადგილობრივების ავტომანქანები იქნება). საუბარია აგრეთვე რუსთაველის გამზირის კვირაში ერთხელ ავტომანქანებისთვის დაკეტვაზე.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, "უცილებელია სითამამე და მეტი ინოვაციური თუ ექსპერიმენტული ღონისძიების განხორციელება. თემატური მოკვლევის პერიოდში ჩატარდა შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან და გაჟღერდა ახალი ინიციატივები, რომლებიც მეტ მსჯელობასა და ყურადღებას იმსახურებს".

კომენტარები