გარემოს დაცვა

2019 წლიდან საქართველოში პოლიეთილენის პარკების წარმოება და იმპორტი სრულად აიკრძალება

flickr.com

საქართველოში არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოება და იმპორტი იკრძალება. ცვლილება თავდაპირველად თხელ, "ერთჯერად" პოლიეთილენის პარკებს შეეხება და ის ძალაში 2018 წლის ოქტომბრიდან შევა. უფრო მსხვილი "მრავალჯერადი" პაკრები კი 2019 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება. 

მთავრობა ამ ცვლილების გატარებას ჯერ კიდევ 2017 წელს გეგმავდა, თუმცა მაშინ საბოლოოდ ცვლილებების დამტკიცება ვერ მოხეხრდა. 

"პლასტიკის პარკი, თავისი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე არ ექვემდებარება ბიოლოგიურ დეგრადაციას, ხოლო მის დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება. პლასტიკის პარკები, ერთჯერადად მოხმარებისთანავე, გადაიქცევა ნარჩენად, ხვდება გარემოში და საბოლოოდ იწვევს გარემოს (ნიადაგის/წყლის) დაბინძურებას. პლასტიკის ნაწარმის მოხმარების ზრდასთან ერთად, პრობლემის მასშტაბები მუდმივად მზარდია. არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ პლასტიკის ნარჩენების სრული გადამუშავება ვერ ხდება,"- ამბობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. 

საქართველოს ბაზარზე არსებული პოლიეთილენის პარკების დაახლოებით 40% სწორედ 15 მიკრონზე ნაკლები სისქისაა, თუ კომპანიებს მათი 1 ოქტომბრის შემდგომ გამოყენებაც სურს, ამისთვის მათ წინასწარ მარაგების გაკეთება მოუწევთ.

საქართველოში მოხმარებული პოლიეთილენის პარკების დიდი ნაწილი იმპორტირებულია. 2017 წელს საქართველომ სულ $3.2 მილიონის პარკები შეიძინა. მათი იმპორტი მაქსიმალური 2013 წელს იყო და $5.6 მილიონს შეადგენდა. 

საქართველო ამ საქონლის ექსპორტიორიცაა, 2017 წელს ქვეყნიდან $404 ათასის ღირებულების პარკები გავიდა. 

 

კომენტარები