9 მაისი

შსს: ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე ორი მოქალაქე დავაკავეთ

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე 2 პირი დააკავეს.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, დაკავებულია 2 მოქალაქე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე, - "საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 პირი - 1983 წელს დაბადებული და 1958 წელს დაბადებული მოქალაქეები დააკავეს, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით," - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, პოლიციამ ასევე ერთი პირი - 1969 წელს დაბადებული თ. ფ. საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისთვის, საქართველოს კანონის "თავისუფლების ქარტია" გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის 174-ე 16 პრიმა მუხლით, გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში.

ამ დროისათვის, ვაკის პარკის ტერიტორიაზე ორი აქცია პარალელურად მიმდინარეობს. ადგილზე იმართება ანტისაოკუპაციო მოძრაობის "რუსეთი ოკუპანტიას" აქცია. ვაკის პარკისკენ აქცია-მსვლელობას მართავს პრორუსული "უკვდავი ჯარი", რომელიც რუსული "უკვდავი პოლკის" ანალოგია.

კომენტარები