გიორგი მამალაძის საქმე

მეუფე პეტრე დეკანოზ მამალაძის საქმეზე: უწმინდესის გულწრფელობაზე გული მაქვს გატეხილი

exclusivenews.ge

ჭყონდიდელი მეტროპოლიტი, პეტრე ცაავა ამბობს, რომ პატრიარქმა ილია მეორემ პრეზიდენტის მიმართ შეწყალების შუამდგომლობის წერილის მომხადება კონკრეტულ ჯგუფს 2 თვის წინ დაავალა, თუმცა, ის ჯერაც არ მომზადებულა. 

მისი თქმით, ეს მას აძლევს საფუძველს, პატრიარქის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანოს. 

"უწმინდესის მიმართ მე, პირადად, მის გულწრფელობაზე გული მაქვს გატეხილი იმიტომ, რომ როგორც ჩემთვის ცნობილია, მარხვის დაწყებამდე მღვდელმთავართა ჯგუფი ეახლა პატრიარქს, ამ თემაზე ისაუბრეს და უწმინდესმა დაავალა, რომ მათ დაეწერათ, მოემზადებინათ ​საშუამდგომლო წერილი პრეზიდენტის მიმართ, ანუ წერილის დაწერა იყო დავალებული და მერე რა გახდა და ორი თვის განმავლობაში რით ვერ დაიწერა, რატომ არ დაიწერა ეს წერილი, ბუნებრივია, ამაზე უნდა გასცეს ისევ ამ ჯგუფმა პასუხი. მე ვაპირებ მამაოს მონახულებას, ამასწინათ სატელეფონო საუბარი გვქონდა, საპყრობილიდან დამირეკა და მინდა, რომ მოვინახულო, გავესაუბრო". 

დეკანოზი გიორგი მამალაძე პრეზიდენტის მიერ სააღდგომოდ შეწყალებულ მსჯავრდებულთა სიაში არ მოხვდა. ამის გამო, მსჯავრდებულის ოჯახმა საპატრიარქოსთან აქციები განაახლა. დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, საპატრიარქოს წარმომადგენელმა მსჯავრდებულს შეწყალების სანაცვლოდ წერილის დაწერა მოსთხოვა. მისი ინფორმაციით, დეკანოზს უნდა დაეწერა, რომ შორენა თეთრუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმის უკან არ დგას. ამასთან, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ პატრიარქს გადაწყვეტილი ჰქონდა და ეპისკოპოსებს უთხრა - პრეზიდენტის სახელზე შეწყალების შუამდგომლობის წერილი დაეწერათ. მაგრამ, თორნიკე მამალაძის მტკიცებით, "ამ ქალბატონმა, რომელიც აქ მოკალათებულია, შორენამ, მან პატრიარქის ნება-სურვილი გადაწონა და თავის ნება-სურვილზე წაიყვანა ყველა და ყველაფერი".

გიორგი მამალაძის ოჯახი მსჯავრდებულის შეწყალებას რამდენიმე თვეა, ითხოვს. თებერვალში თორნიკე მამალაძე საპატრიარქოსთან აქციებს მართავდა და პატრიარქს მოუწოდებდა, პრეზიდენტისთვის შეწყალების შუამდგომლობით მიემართა. მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებით კი, "საპატრიარქო იმ მსჯავრდებულების მიმართ აყენებს შუამდგომლობას, რომლებიც შენდობას ითხოვენ და თავისი დანაშაულის წილს აღიარებენ. ეს პრინციპი ახლაც შეუცვლელია". რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, სალომე ზურაბიშვილის თქმით, "არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი. მე წარმოდგენა მაქვს, რომ პრეზიდენტის შეწყალება არის დისკრეციული უფლება, რომელიც უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში".

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.  თავად დეკანოზის თქმით, მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

კომენტარები