გიორგი მამალაძის საქმე

მამა ანდრია: ვერ წარმომიდგენია, ვინ და რას შეპირდა თორნიკე მამალაძეს, სულ ტყუილია

ქართული არხი

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ არ იცის, რაზე საუბრობს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ძმა. მან TV პირველის ეთერში თქვა, რომ ვერ წარმოუდგენია, "ვინ და რას შეპირდა თორნიკე მამალაძეს". ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის მტკიცებით, პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვაზე საპატრიარქოს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით, სავარაუდოდ, შორენა თეთრუაშვილის ჩარევით საპატრიარქოში გადაწყვეტილება შეცვალეს. თორნიკე მამალაძის თქმით, საპატრიარქოს წარმომადგენელმა მსჯავრდებულს შეწყალების სანაცვლოდ წერილის დაწერა მოსთხოვა. მისი ინფორმაციით, დეკანოზს უნდა დაეწერა, რომ შორენა თეთრუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმის უკან არ დგას.

"არ ვიცი, რაზე საუბრობს თორნიკე მამალაძე, რომელმა ეპისკოპოსებმა მისცეს ეს პირობა, ჩემთვის უცნობია. მე მქონდა მასთან ურთიერთბა და სამწუხაროდ, ვიღაცეები შეეცადნენ, ამ დიალოგისთვის დაერქმიათ გარიგების მცდელობა, თითქოს საპატრიარქო რაღაც გარიგებას სთავაზობდა.

საპატრიარქო არავის არაფერსს არ სთხოვს, სთხოვენ საპატრიარქოს და სთხოვენ ძალიან არაკორექტულად. პირდაპირ ებნებიან მას, რომ "შენ ხარ დამნაშავე". ძალიან მძიმე ბრალდებაა, თითქოს, მღვდილის ციხეში ჩასმა საპატრიარქოში დაიგეგმა და ამავდროულად, მასვე სთხოვენ შუამდგომლობას, გაუგონარი ლოგიკაა, ამიტომ, მე ვერ წარმომიდგენია, ვინ და რას შეპირდა თორნიკე მამალაძეს" - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ და დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის ბრალდებებს ტყუილი უწოდა.

"დავიღალეთ, შეიძლება, რომ როცა საპატრიარქოს ბრალს უყენებენ, როდესმე ვინმემ რაიმე საბუთი წარმოადგინოს? რაიმე მცირე საბუთი, ფურცლის ნაგლეჯი წარმოადგინოს, რომ ეს მართლა ასე იყო? სულ ტყუილია" - ამბობს ჯაღმაიძე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პრეზიდენტის მიერ სააღდგომოდ შეწყალებულ მსჯავრდებულთა სიაში არ მოხვდა. ამის გამო, მსჯავრდებულის ოჯახმა საპატრიარქოსთან აქციები განაახლა. დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, საპატრიარქოს წარმომადგენელმა მსჯავრდებულს შეწყალების სანაცვლოდ წერილის დაწერა მოსთხოვა. მისი ინფორმაციით, დეკანოზს უნდა დაეწერა, რომ შორენა თეთრუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმის უკან არ დგას. ამასთან, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ პატრიარქს გადაწყვეტილი ჰქონდა და ეპისკოპოსებს უთხრა - პრეზიდენტის სახელზე შეწყალების შუამდგომლობის წერილი დაეწერათ. მაგრამ, თორნიკე მამალაძის მტკიცებით, "ამ ქალბატონმა, რომელიც აქ მოკალათებულია, შორენამ, მან პატრიარქის ნება-სურვილი გადაწონა და თავის ნება-სურვილზე წაიყვანა ყველა და ყველაფერი".

გიორგი მამალაძის ოჯახი მსჯავრდებულის შეწყალებას რამდენიმე თვეა, ითხოვს. თებერვალში თორნიკე მამალაძე საპატრიარქოსთან აქციებს მართავდა და პატრიარქს მოუწოდებდა, პრეზიდენტისთვის შეწყალების შუამდგომლობით მიემართა. მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებით კი, "საპატრიარქო იმ მსჯავრდებულების მიმართ აყენებს შუამდგომლობას, რომლებიც შენდობას ითხოვენ და თავისი დანაშაულის წილს აღიარებენ. ეს პრინციპი ახლაც შეუცვლელია". რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, სალომე ზურაბიშვილის თქმით, "არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი. მე წარმოდგენა მაქვს, რომ პრეზიდენტის შეწყალება არის დისკრეციული უფლება, რომელიც უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში".

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.  თავად დეკანოზის თქმით, მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

კომენტარები