ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

საია: თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე შსს-ს 25 000 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

www.gwf-online.org

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მორალური ზიანის გადახდა დაეკისრა. 

საია-ს ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ 2 მაისს გამოიტანა. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 25 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება ოჯახში ძალადობის შედეგად თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაეკისრა. 

"ეს საქმე პირველია საქართველოში, რომელშიც სასამართლომ დაადგინა სახელმწიფოს ვალდებულება მოახდინოს თვითმკვლელობამდე მიყვანის, როგორ ფემიციდის ფორმის პრევენცია. საია სარჩელის საფუძველზე ითხოვდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმის გამო, რომ მიუხედავად პოლიციისათვის არაერთგზის მიმართვისა ვერ მოხერხდა ოჯახში სისტემატური ძალადობისა და ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის პრევენცია,"- წერია საია-ს განცხადებაში. 

მათივე ცნობით, ამ საქმეზე თვითმკვლელობამდე ქალმა ოჯახში ძალადობის გამო სახელმწიფო ორგანოებს 16-ჯერ მიმართა. საია შსს-სა და პროკურატურას სწორედ ამ მიმართვების საფუძველზე არასათანადო რეაგირების გამო ედავებოდა.

კომენტარები