იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიზნად ძალადობის მსხვერპლი ქალის დაცვას ისახავს. კანონპროექტი როგორც მსხვერპლისთვის, ისე მოძალადისთვის ელექტრონული სამაჯურების დამაგრებას გულისხმობს, მათი შეხვედრის და ძალადობის განმეორების პრევენციის მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, ალექსანდრე დარახველიძე განმარტავს:
"ინერგება ახალი მექანიზმი, რაც გულისხმობს როგორც მსხვერპლის, ისე მოძალადის გადაადგილების ელექტრონულ მონიტორინგს. მათ მიახლოებას ელექტრონულად გავაკონტროლებთ. თავდაპირველად მსხვერპლს გავაფრთხილებთ. თუ ის არ დატოვებს ტერიტორიას, შემდეგ მოხდება მოძალადის გაფრთხილება და მოეთხოვება, დატოვოს ტერიტორია. მიზანი არის, რომ მათი შეხვედრა, კონტაქტი და შემდგომი გართულებები თავიდან იქნას აცილებული, როცა არსებობს რისკი, რომ განმეორებით მოხდეს ძალადობა და დავიცვათ მსხვერპლის ინტერესები. როგორც მსხვერპლის, ისე მოძალადის ადგილმდებარეობის დადგენა 1 მეტრის სიზუსტით იქნება შესაძლებელი
ეს შეამცირებს ძალადობის შემთხვევებს, თუმცა, ეს მექანიზმი ყველა შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული. წინასწარ იქნება შესწავლილი მოძალადის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის შესაძლებლობა და სადაც არის ძალადობის განმეორების რისკი, იქ გამოვიყენებთ სამაჯურებს", - ამბობს დარახველიძე.
სამაჯური შემაკავებელი ორდერის თანმდევია, შესაბამისად, ორდერის გარეშე, მას არ გამოიყენებენ. გამომდინარე იქედან, რომ შემაკავებელი ორდერი მაქსიმუმ, ერთ თვიანია, ელექტრონული სამაჯურის გამოყენების ვადაც, მაქსიმუმ, ერთი თვეა.
კანონპროექტის და მისი მნიშვნელობის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.