გიორგი გახარია პარლამენტში

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გამწევი დაუსჯელი ადამიანები - ბოკერიამ გახარიას ვიდეო აჩვენა

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ვიზიტის დროს ვიდეო კოლაჟი აჩვენა.

ვიდეოში ნაჩვენები იყო 2012 წლიდან დღემდე პოლიციისთვის წინააღმდეგობების გაწევისა და ოპოზიციაზე თავდასხმის ფაქტები, რომლის გამოც არავინ დასჯილა. 


"ეს არის ძალიან მცირე ნაწილი იმ ინციდენტებისა, რომელიც მოხდა ბოლო წლების განმავლობაში და თქვენ აქ საუბრობდით დისკრედიტაციის კამპანიაზე პოლიციის წინააღმდეგ და აპოლიტიკურობის პრინციპზე. მე მაინტერესებს, იცით, თუ არა, რომ ამ ყველა ინციდენტის დროს პოლიციელებს ესხმოდნენ თავს ფიზიკურად და აღბეჭდილია ვიდეოზე? რამდენი ადამიანი დაისაჯა მათგან სისხლის სამართლებრივი წესით და რამდენი იხდის სასჯელს? არცერთი. მაინტერესებს, აი, ეს ფაქტი თავისთავად უწყობს თუ არა ხელს პოლიციის დისკრედიტაციას, რომ არ ისჯებიან ასეთი ქმედებებისთვის ადამიანი. აი, რა ბრალდებითაც დავით კირკიტაძე ზის ციხეში, ჩემი აზრით კი, მას უკანონოდ გადაუკეტეთ გზა, მას ემუქრება 7-წლიანი პატიმრობა, აი, ამ ინციდენტში, სადაც აღბეჭდილია პოლიტიკოსებს როგორ ურტყამენ, თქვენს პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული პირები ხშირად, ამისთვის ისინი არ ისჯებიან. რა გზავნილია ეს კანონის უზენაესობისთვის?" - მიმართა ბოკერიამ გიორგი გახარიას. 

პანკისში განვითარებული მოვლენების შემდეგ გიორგი გახარიამ თქვა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა ყველა იმ ადამიანს, ვინც პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და რომ მსგავსი ქმედება არავის შერჩებოდა. 

გიორგი გახარიას პარლამენტში დღეს მეხუთედ უსმენენ. 

კომენტარები