გიორგი გახარია პარლამენტში

გახარია ოპოზიციას: მაკო გომურის სახელს არ ვიყენებ, ესაა მორალური სხვაობა ჩვენ შორის

საქართველოს მთავრობა

გიორგი გახარია ამბობს, რომ 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს დაშავებული მაკო გომურის სახელს, ოპოზიციისგან განსხვავებით, პოლიტიკურად არ იყენებს და სწორედ ეს არის მათ შორის მორალური განსხვავება.

"საბოლოო ჯამში, ეს იქნება შემთხვევა, როცა ქართულმა პოლიციამ პარლამენტის შენობაში შტურმით შეჭრა არ დაუშვა, იმიტომ, რომ ეს მისი მოვალეობა იყო, ეს იყო მისი პირდაპირი ფუნქცია. სამწუხაროა, რომ ადამიანები დაშავდნენ, უკიდურესად სამწუხაროა. არავინ ისე ამაზე წუხს.. არ მგონია, რომ თქვენ უფრო მეტად წუხხართ. თქვენ რატომ არ წუხხართ, იცით, უფრო მეტად? იმიტომ, რომ თქვენ იმდენად ამორალურად იქცევით, რომ ამ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებთ. მე არ ვიყენებ პოლიტიკურად. მაკო გომურის სახელს, თქვენ აქ დღეში ასჯერ რომ ასახელებთ, მე არ ვიყენებ. ეს არის ჩვენ შორის განსხვავება. ეს არის მორალური სხვაობა თქვენ და ჩემ შორის. ეს კარგად დაიმახსოვრეთ". - თქვა გახარიამ პარლამენტში დეპუტატების კითხვების პასუხად.

წლიური ანგარიშის წარდგენის დროს გახარიამ 20 ივნისზე არ ილაპარაკა. ამის გამო მან ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს, ანტირუსული აქციის დასაშლელად ხელისუფლებამ და მაშინდელმა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის და წითელი რაკეტისებრი ტყვიები გამოიყენა. დაშავდა ათობით მოქალაქე, მათგან რამდენიმემ თვალი დაიზიანა. 18 წლის მაკო გომურმა, და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს. ისინი პროკურატურამ დაზარალებულად მომხდარიდან რამდენიმე თვის შემდეგ ცნო.

"გავრილოვის ღამეს" ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. მოქალაქეებმა, პროპორციულ არჩევნებთან ერთად გიორგი გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომაც მოითხოვეს, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ის დააწინაურა და პრემიერმინისტრის თანამდემობაზე დანიშნა.

კომენტარები