26 ივნისს, 12:00 საათზე პრემიერმინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით წარდგება.
ქართულ ოცნებას პრემიერთან კრიტიკული კითხვები არა აქვს. ოპოზიციის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ გახარიასთან, როგორც ივანიშვილის გუნდის წევრთან, ბევრი შეკითხვა აქვთ.
"ევროპულ საქართველოს კითხვები გვაქვს ივანიშვილის გუნდთან. გიორგი გახარია არის ერთ-ერთი პრემიერმინისტრი, რომლის მსგავსიც არაერთი შეცვალა ივანიშვილმა, რომელიც რვა წლის მანძილზე ქვეყანას მიაქანებს უკან, ჭაობისკენ. ევროპული საქართველო პრემიერის ანგარიშის მოსმენას დაესწრება და ყველა იმ კითხვას დაუსვამს და ყველა იმ შეფასებას გააკეთებს, რაც აქვს ჩვენს საზოგადოებას". - ამბობს ოთარ კახიძე, ევროპული საქართველოს წევრი.
ენმ-ის წევრის, რომან გოცირიძის თქმით, გასული ერთი წელი ეკონომიკის და დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვის წელი იყო.
"განსაკუთრებით - სასამართლო სისტემის სრული დაბეჩავებისა და განადგურების წელიწადი. ამიტომ ჩვენ გვექნება მრავალი კითხვა: რა უყვეს ქვეყანას, რა დღეში ჩააგდეს ქვეყნის ეკონომიკა, სად არის სამართლიანობა, რატომ არ არსებობს ქვეყანაში მართლმსაჯულება, რატომ ემსახურება ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, პროკურატურით დაწყებული და სასამართლოთი დამთავრებული, ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას."- თქვა მან.
მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კი ჯერ ფიქრობს, ღირს თუ არა გახარიასთვის იმ კითხვების დასმა, რომელიც მასთან აქვს.
"მაქვს რამდენიმე კონკრეტული კითხვა მასთან. უბრალოდ, ჯერ კიდევ ვფიქრობ, ღირს თუ არა ამ კითხვების დასმა. და ჩამოვყალიბდები. თუ ჩავთვალე, რომ ღირს, დავსვამ ამ კითხვას. მასთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები არსებობს და ვფიქრობ, ღირს თუ არა დასმა".- თქვა ბესელიამ.
გიორგი გახარია პრემიერმინისტრად დაინიშნა 2019 წლის სექტემბერში. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ზაფხულში, 20-21 ივნისის აქციის დაშლის შემდეგ დემონსტრანტები რამდენიმე თვის განმავლობაში მაშინდელი შს მინისტრის, გახარიას, პოსტიდან გადადგომას მოითხოვდნენ, ივანიშვილმა ის დააწინაურა და მთავრობის მეთაურად დანიშნა.