დემოგრაფია

საქსტატი: 2018 წელს მოსახლეობის რიცხოვნობა 0.2%-ით შემცირდა

speakerstones

საქსტატის მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 723 500 ადამიანს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია.

2018 წელს ბუნებრივი მატება დადებითი იყო - ახალშობილთა რიცხვი გარდაცვლილებისას 4 614-ით აჭარბებდა. უარყოფითი იყო მიგრაციული სალდო - ქვეყნიდან 10 783 მოქალაქით მეტი გავიდა.

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 74 წელს შეადგენს. მნიშვნელოვანია სხვაობა ქალებსა და მამაკაცებს შორის. თუ დაბადებისას ქალების მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა 78.2 წელია, მამაკაცების შემთხვევაში ეს რიცხვი 69.7 წელს შეადგენს. მედიანური ასაკი 37 წელია.

რაც შეეხება ასაკობრივ შემადგენლობას, 0-14 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილი 20.3% იყო, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15-64 წლამდე) 64.9%, 65 წელს ზემოთ კი 14.8%.

მოსახლეობის 48% მამაკაცია, 52% კი ქალი. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92.7%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92.7 მამაკაცი მოდის. ამასთან, 35 წლამდე აკასობრივ კატეგორიაში მამაკაცები რიცხოვნობით ქალებს ჭარბობენ, 35 წელს ზემოთ კი ქალები მეტნი არიან.

კომენტარები