გიორგი მამალაძის საქმე

თორნიკე მამალაძე: ჩემს ძმას მოსთხოვეს, დაეწერა, რომ შორენა თეთრუაშვილი საქმის უკან არ დგას

მარცხნიდან: მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, პატრიარქი ილია მეორე. უკან: დეკანოზი გიორგი მამალაძე
თეონა თურმანიძე

დეკანოზი გიორგი მამალაძე პრეზიდენტის მიერ სააღდგომოდ შეწყალებულ მსჯავრდებულთა სიაში არ მოხვდა. მამა გიორგის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, საპატრიარქოს წარმომადგენელმა მსჯავრდებულს შეწყალების სანაცვლოდ წერილის დაწერა მოსთხოვა. მისი ინფორმაციით, დეკანოზს უნდა დაეწერა, რომ შორენა თეთრუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმის უკან არ დგას.

"საპატრიარქოს წარმომადგენელი გამოვიდა და მითხრა, რომ უკვე პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილიაო, მან მითხრა, რომ მე უკვე შემეძლო კარვის აღება, იმიტომ, რომ ჩემი ძმის შეწყალება უკვე გადაწყვეტილი იყო. მან მითხრა - უკვე ბურთი თქვენს მოედანზეა და როგორც გააგორებთ, სიტუაცია ისე წავაო. მე შევეკითხე, რას გულისხმობდა, მერე მითხრა, რომ წერილი უნდა დაეწერა ჩემს ძმას და მეტსაც ვიტყვი - ამ წერილში უნდა ყოფილიყო უმეტესწილად ნახსენები შორენა თეთრუაშვილი, უნდა დაეწერა, რომ შორენა თეთრუაშვილი ამ საქმის უკან არ დგას, რაზეც ჩემმა ძმამ თქვა უარი და დავინახეთ, რომ ჩემი ძმა დატოვეს საპყრობილეში", - ამბობს თორნიკე მამალაძე TV პირველთან.

პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით კი, ის საქმის კურსში არაა. ამასთან, ის ამბობს, რომ გიორგი მამალაძემ "ტყუილებისთვის" ბოდიში უნდა მოიხადოს.

"არ ვარ საქმის კურსში, ადვოკატებს რას ესაუბრება და რას არა, ადვოკატები მე არ მეუბნებიან. საპატრიარქოსგან მაგან შენდობა თუ არ ითხოვა, ეკლესიაზე, იმას თავი გავანებოთ, რას ედავება სახელმწიფო. ეკლესიის წინააღმდეგ და კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ რასაც აკეთებს, ხო, უნდა გამოვიდეს და ტყუილებისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს" - უთხრა მეუფე იაკობმა TV პირველს.

გიორგი მამალაძის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მარტში მიმართა. იქამდე, თორნიკე მამალაძე საპატრიარქოსთან აქციებს მართავდა და ითხოვდა, რომ პატრიარქ ილია მეორეს პრეზიდენტისთვის დეკანოზის შეწყალების შუამდგომლობით მიემართა. მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებით კი, "საპატრიარქო იმ მსჯავრდებულების მიმართ აყენებს შუამდგომლობას, რომლებიც შენდობას ითხოვენ და თავისი დანაშაულის წილს აღიარებენ. ეს პრინციპი ახლაც შეუცვლელია". რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, სალომე ზურაბიშვილის თქმით, "არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი. მე წარმოდგენა მაქვს, რომ პრეზიდენტის შეწყალება არის დისკრეციული უფლება, რომელიც უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში".

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.  თავად დეკანოზის თქმით, მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

კომენტარები