აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

"ყველაფერი, რამაც ამერიკა ამერიკად აქცია, საფრთხის ქვეშაა" - ბაიდენმა კენჭისყრა გადაწყვიტა

ABC News

აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - 2020 წლის არჩევნებში ჯო ბაიდენი კენჭს იყრის. 

"ამ ერის ფუნდამენტური ღირებულებები... მსოფლიოში ჩვენი პოზიციები... ჩვენი დემოკრატია... ყველაფერი, რამაც ამერიკა ამერიკად აქცია, საფრთხის ქვეშ დგას. ამიტომაც, დღეს ვაანონსებ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი ვიქნები,"- დაწერა ბაიდენმა Twitter-ზე და ვიდეო მიმართვა გაავრცელა. 

ბაიდენი კენჭს დემოკრატიული პარტიიდან იყრის, საიდანაც მისი მთავარი კონკურენტები პრაიმერისის დროს ბერნი სანდერსი, კამალა ჰარისი და ელიზაბეტ უორენი იქნებიან.

ჯო ბაიდენი 76 წლისაა, მასზე უფროსი სხვა კანდიდატებს შორის მხოლოდ 77 წლის ბერნი სანდერსია. 

17 აპრილს დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს მოქმედი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. 

"მე მჯერა, რომ შეშლილი ბერნი სანდერსი და მძინარე ჯო ბაიდენი იქნებიან ორი ფინალისტი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ეკონომიკის წინააღმდეგ არჩევნებში საბრძოლველად (და კიდევ ბევრი შესანიშნავი რამის)! მე ველოდები ამას, ვინც არ უნდა იყოს! ღმერთმა გაანათლოს მათი სულები!" - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე. 

კომენტარები