აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

ელიზაბეტ უორენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირა [Video]

მასაჩუსეტსის სენატორმა და დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ელიზაბეტ უორენმა მხარი ჯო ბაიდენის კანდიდატურას დაუჭირა. მან ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა:

"ემპათია მნიშვნელოვანია. ამ კრიზისულ მომენტში ახლა ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრეზიდენტმა აღადგინოს ამერიკელების რწმენა კარგ, ეფექტურ მთავრობაში. ჯო ბაიდენმა თითქმის მთელი თავისი კარიერა საჯარო სამსახურში გაატარა. მან იცის, რომ მთავრობა, რომელიც პატიოსნებით, კომპეტენტურობით და გულით იმართება, სიცოცხლეებს გადაარჩენს. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ დონალდ ტრამპმა გააგრძელოს ყველა ამერიკელის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება. ამიტომ ვამაყობ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ჯო ბაიდენს ვუჭერ მხარს." თქვა მან.

ბაიდენმა მას მადლობა ტვიტერზე გადაუხადა: "ჩვენ ყველა ერთად ვართ ერის სულისთვის ბრძოლაში და ვამაყობ, რომ ყველაზე შეუპოვარი მებრძოლი სენატორი უორენი ჩემს მხარესაა. მისი დახმარებით დონალდ ტრამპს დავამარცხებთ და შევქმნით მთავრობას, რომელიც ყველასთვის მუშაობს, არა მხოლოდ მდიდრებისთვის და კარგი ნაცნობობის მქონეთათვის."

ელიზაბეტ უორენმა წინასაარჩევნო კამპანია გასულ თვეს დაასრულა, თუმცა დარჩენილი კანდიდატებისთვის, ჯო ბაიდენის და ბერნი სანდერსისთვის მხარი არ დაუჭერია. მან თქვა, რომ ყურადღება კორონავირუსის პანდემიისკენჰქონდა მიმართული და სურდა, სანდერსისათვის დრო მიეცა სამომავლო ნაბიჯებზე გადაწყვეტილების მისაღებად.

ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი კანდიდატურისათვის ბრძოლას 8 აპრილს გამოეთიშა, 13 აპრილს კი ჯო ბაიდენს დაუჭირა მხარი.

MSNBC-ის შეკითხვაზე, რა იქნება მისი პასუხი, თუ ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობას შესთავაზებს, უორენმა თქვა, რომ დათანხმდება. ჯო ბაიდენმა წინასაარჩევნო კამპანიისას პირობა დადო, რომ ნომინაციის მოპოვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტად ქალს აირჩევდა.

კომენტარები