ბექა მინდიაშვილი

მინდიაშვილი: ჯვარცმის კვირის გაგება ქრისტიანობის შემეცნების ტოლფასია

ჯვარცმის კვირის გაგება ქრისტიანობის შემეცნების ტოლფასია. ყველაფერი, რაც სახარების ფურცელბზე ამ დღეებში ხდება, მაქსიმალური საზრისითაა დატვირთული. ბოლო კვირის ყველა ეპიზოდი, ყველა სიტყვა, ყველა ნაბიჯი შეგვიძლია ღმერთის, ადამიანის, სამყაროს სრულიად ახლებური, არა ვერტიკალური, არამედ ჰორიზონტალური, თავისუფლებასა და თანასწორობაზე დაფუძნებული გაგების, - ახალი აღთქმის ქვაკუთხედად მოვიაზროთ. ხუთშბათ დღეს, განკაცებულმა ღმერთმა ცოდვილი ადამიანის დაწურული ღვინო და გამომცხვარი პური თავის უბრალო სისხლად და ხორცად აქცია, მეგობრებთან ერთად ჭამა, სვა და გაამხილა, რომ ერთი ადამიანის შეხვედრა მეორესთან, - თანაზიარების ეს მოვლენა, ღმერთის ყველაზე დიდი საიდუმლო, - თვითონ ცათა სასუფეველია, მარადიული ხსნაა. აქ, სერობის ამ სუფრაზე, ღმერთი და ადამიანი ნამდვილად თავდაყირა დადგნენ, რადგან იესო ქრისტეში, ზიარების პურივით დატყდა ყოფიერების ძველი სხეული - იმპერატორებად აღქმული ღმერთებისა და გაღმერთებული იმპერატორების სიდიადე, ბატონობისა და მონობის ძალაუფლება, ძალადობისა და მასთან შეგუების, გამარჯვებისა და მარცხის, ბოროტებაზე ბოროტებით პასუხის წესრიგი; დაიმსხვრა მართლმადიდებლის უპირატესობა არამართლმორწმუნეზე, იუდეველისა - ელინზე, მღვდლისა - სამარიტელზე, მდიდრისა - ღარიბზე, ფარისევლისა - მეზვერეზე, ერთგული ძისა - შინიდან წასულ, მეღორედ ქცეულ შვილზე, მორალის მცველისა - მემრუშეზე, კაცისა - ქალზე, ზრდასრულისა - ბავშვზე, სიტყვისა - დუმილზე, მთელი ერისა და ბერისა - ერთ ადამიანზე; დასრულდა ტრადიციული წარმოდგენა რელიგიასა და პოლიტიკაზე, მარადისობასა და საწუთროზე, სიწმიდესა და უწმიდურებაზე, გადარჩენასა და დაღუპვაზე, მტერსა და მოყვარეზე, რადგან სამყაროს შემოქმედმა, ორიათასი წლის წინ, ამ დღეს, წელზე პირსახოცი შემოიკრა, მეთევზეების, მებადურების, უბირი, უაზნო, უქონელი ადამიანების წინაშე მუხლი მოიყარა, ფეხი დაბანა მათ და თავმდაბალი, ჯვარცმული სიყვარული ქრისტიანად ყოფნის ერთადერთ ამოსაცნობ ნიშნად, ერთადერთ ჭეშმარიტებად, გზის გამკვალავ ვარკსვლავად - ღმერთად გამოაცხადა. ამიტომაა დღევანდელი დღის ტრაგიკული გმირი ისკარიოტელი იუდა, ის კაცი, ვინც ნამდვილად შეხვდა ღმერთს, ადამიანს, იესოს, პეტრეს, მარიამს, მართას, ანდრიას, იაკობს, იონეს, მათეს - მაგრამ შეხვედრის ამ ახალ ცასა და მიწას, მეგობრობის ამ სამოთხეს ბატონობასა და მონობაზე, შურისძიებასა და ბოღმაზე, იმპერიულ დიდებაზე, რელიგიურ და ეროვნულ გამორჩეულობაზე დაფუძნებელი გრანდიოზული ტაძრებისა და სასახლეების ძველი სამყარო არჩია, - ძველ კაცად დარჩენა, ძველ გაგებაში, როგორც სახარება გვეუბნება, - ღამეში დაბრუნება ამჯობინა.

წერს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი

კომენტარები